პროკურორი აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მთავარი აქცენტი გადატანილია დავალების გამცემ პირებზე
პროკურორი აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მთავარი აქცენტი გადატანილია დავალების გამცემ პირებზე

პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მთავარი აქცენტი გადატანილია დავალების გამცემ პირებზე.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

„გარკვეული სტანდარტი მტკიცებულებების უკვე არსებობს, მათ შორის გარკვეულ პირებთან დაკავშირებით. წინმსწრებად ვერაფერს ვიტყვი, ვერც პირთა იდენტიფიცირებას მოვახდენ, თუმცა უახლოეს მომავალში, როდესაც შესაბამისი სტანდარტი შეიქმნება მტკიცებულებების და ყველა ფუნდამენტური მნიშვნელობის გარემოება დადგენილი იქნება, ამას ვაცნობებთ საზოგადოებას“, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გირაოს ოდენობა თითოეულისთვის 20 000 ლარს შეადგენს.

ბრალდების მხარე 30 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა ცვლილებებით დააკმაყოფილა. ამასთან, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების დაკავებულების თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 ნოემბერს გადასინჯა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.

პროკურატურამ მიერ 21 იანვარს საქმეზე ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ჩანაწერის მიხედვით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ.