პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში გადაღებულ ფილმ „ფორსაჟი 9“-ის პრემიერა გაიმართება
19 მაისიდან პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში გადაღებულ ფილმ „ფორსაჟი 9“-ის (Fast and Furious 9) პრემიერა გაიმართება.
ცნობილი ბლოკბასტერის გადაღება საქართველოში პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა. ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის UNIVERSAl PICTURES-ის ფილმში ასახული იქნება თბილისისა და რუსთავის კადრები, კერძოდ, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირები, თავისუფლების მოედანი, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩები, ასევე, რუსთავში ბაზრობის ტერიტორია.
ფილმის გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგებოდა, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალი იყო. ჯამში, პროექტის ფარგლებში, 4 000-მდე ადამიანი დასაქმდა. საქართველოში გადაღებების წარმოებისათვის ამერიკულმა კომპანიამ 32 მილიონ ლარამდე დახარჯა.
„აწარმოე საქართველოში“ ცნობით, გადაღების მასშტაბისა და ინვესტიციის მოცულობიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ არსებობის ისტორიაში.
„გადაღების მოსამზადებელ პროცესში რამდენიმე სახელმწიფო უწყება იყო ჩართული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ აქტიური თანამშრომლობით გაფორმდა ყველა საჭირო დოკუმენტაცია ტექნიკური მხარდაჭერისთვის საჭირო პროცედურებისა და ხელშეწყობის თაობაზე.
FF9 არის პირველი ჰოლივუდური დიდი, სტუდიური ფილმი არა მარტო საქართველოში არამედ მთელ რეგიონში, რომელიც „ენკენი ფილმსმა“ და „უნივერსალ სტუდიომ“ ერთად განახორციელეს. „უნივერსალ სტუდიოს“ წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ეს იყო ამ წლის ტექნიკურად ყველაზე რთული ფილმის ყველაზე რთულად გადასაღები მონაკვეთი, რასაც ქართულმა გუნდმა უმაღლეს დონეზე გაართვა თავი.
ამ პროექტის წარმატებით განხორციელებამ ქვეყნის მიმართ ინტერესი გაზარდა და ამ ეტაპზე უკვე მიდის რამდენიმე ჰოლივუდურ ფილმზე მოლაპარაკებები“, – აცხადებენ „აწარმოე საქართველოში“.