პორტუგალიისა და ესპანეთის პოლიციამ ზღვაში, იალქნიან ნავზე 5,3 ტონა კოკაინი აღმოაჩინა
პორტუგალიისა და ესპანეთის პოლიციამ ღია ზღვაში იალქნიან ნავზე 5,3 ტონა კოკაინი აღმოაჩინა. ანტინარკოტიკული ოპერაციის ფარგლებში დაკავებულია სამი ეჭვმიტანილი. ეს პორტუგალიის მიერ ბოლო 15 წლის განმავლობაში აღმოჩენილი კონტრაბანდული ნარკოტიკის ყველაზე მსხვილი პარტიაა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ამასთან, პორტუგალიის საგამოძიებო კრიმინალური პოლიციის დირექტორის, ლუის ნევეშის განცხადებით, ეს მსოფლიოში იალქნიანი ნავიდან ამოღებული კოკაინის ყველაზე დიდი რაოდენობაა. ჩვეულებრივ, ნარკოტიკის ასეთი დიდი პარტიების ტრანსპორტირება უფრო დიდი ზომის, ძრავიანი ხომალდებით ან სატვირთო გემებით ხდება.
სამართალდამცველებმა იალქნიანი ნავი ატლანტის ოკეანეში, პორტუგალიის სანაპიროდან 550 კილომეტრში დააკავეს. ნავი დატვირთული იყო კოკაინით სავსე 183 ტომრით. გამოძიების ცნობით, კონტრაბანდული ტვირთი ევროპული ბაზრისთვის იყო განკუთვნილი.
დაკავებულთა შორის ეკიპაჟის წევრები არიან – ორი ესპანელი და ერთი პერუელი. პოლიცია ვარაუდობს, რომ ისინი გავლენიანი ნარკოდაჯგუფების წევრები არიან, რომელიც ნარკოტიკის კონტრაბანდას ლათინური ამერიკიდან ევროპაში ახორციელებს.