პორტუგალიაში კოვიდშეზღუდვები ხელახლა ამოქმედდა
პორტუგალიაში კოვიდშეზღუდვები ხელახლა ამოქმედდა

პორტუგალიაში კოვიდშეზღუდვები ხელახლა ამოქმედდა. მათ შორის, გამკაცრდება კონტროლი საზღვრებზე.

„მიუხედავად ვაქცინაციის პროცესში მიღწეული წარმატებისა, ჩვენ ვიცით, რომ მაღალი საფრთხის ფაზაში შევდივართ, რადგან პანდემია დანარჩენ ევროპაში გამწვავდა და პორტუგალია არ გახლავთ კუნძული“,  – განაცხადა პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ანტონიუ კოშტამ.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ახალი წესების მიხედვით, ყველა მოგზაურს, რომელიც პორტუგალიაში მიემგზავრება, თვითმფრინავში ჩაჯდომამდე ნეგატიური კოვიდტესტის წარდგენა მოუწევს. ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატების წარდგენა სავალდებულო იქნება სასტუმროებში, რესტორნებში, სავარჯიშო დარბაზებსა და კულტურულ სივრცეებში შესასვლელად. პირბადეები კვლავ სავალდებულო გახდება დახურულ სივრცეებში.

სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს, ღამის კლუბების სტუმრებს, ასევე ხანდაზმულთა სახლებისა და საავადმყოფოების ვიზიტორებს ნეგატიური კოვიდტესტის წარდგენა მოუწევთ.

აღნიშნული წესები ძალაში პირველი დეკემბრიდან შევა, ხოლო 2 იანვრიდან ერთი კვირის განმავლობაში სავალდებულო იქნება დისტანციურად მუშაობა და დროებით დაიხურება სკოლები.

პორტუგალიის მოსახლეობის 87 პროცენტი აცრილია. მიუხედავად ამისა, ბოლო დღეებში „კოვიდ-19“-ის შემთხვევები მატულობს. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში 3 773 კოვიდინფიცირებული აღრიცხეს.