პორტლენდში ულტრამემარჯვენე აქტივისტების აქციაზე პოლიციამ 13 ადამიანი დააკავა
პორტლენდში ულტრამემარჯვენე აქტივისტების აქციაზე პოლიციამ 13 ადამიანი დააკავა

აშშ-ის ქალაქ პორტლენდში ულტრამემარჯვენე აქტივისტების აქციაზე პოლიციამ 13 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ორეგონის შტატის ქალაქის პოლიცია ავრცელებს. ამ ეტაპზე, დაკავებულების ვინაობა უცნობია. პორტლენდში 18 აგვისტოს ერთდროულად ორი აქცია იმართებოდა. ულტრამემარჯვენეებთან ერთად ქუჩაში ანტიფაშისტური ორგანიზაციის მხარდამჭერებიც გავიდნენ. პოლიციის მობილიზების მიუხედავად, ორი აქციის მონაწილეებს შორის მცირე შეტაკებები მაინც მოხდა. ოთხ ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ულტრამემარჯვენე აქტივისტების მთავარი მოთხოვნა ანტიფაშისტური ორგანიზაციის უკანონოდ გამოცხადება და აკრძალვაა.

პოლიციის ცნობით. აქციის დროს სამართალდამცავებმა მომიტინგეებს მეტალის ფარები და სხვა აკრძალული ნივთები აღმოუჩინეს.

პორტლენდში გამართულ აქციამდე ერთი დღით ადრე, განცხადება გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, პორტლენდში მიმდინარე მოვლენებს „მეტი ყურადღება სჭირდება“.

„ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს ანტიფაშისტური ორგანიზაცია „ანტიფას“ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადებას“, – აღნიშნა ტრამპმა.