უკრაინის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა, პეტრო პოროშენკომ და ვლადიმირ ზელენსკიმ კიევის ოლიმპიურ სტადიონზე მიმდინარე დებატებისას სხვადასხვა მხარეს დაიჩოქეს.
„ომის დაწყებამდე, როდესაც უკრაინელები იდგნენ მაიდანზე, მე მივმართე იანუკოვიჩს და ვთხოვე, წადით პრეზიდენტის თანამდებობიდან. მე მივმართე პუტინსაც და ვთქვი, რომ მზად ვარ, დავდგე მუხლებზე, ოღონდ არ დააყენოთ უკრაინა მუხლებზე.
მზად ვარ, ახლა დავდგე მუხლებზე თითოეული დედის წინაშე, რომლის შვილი არ დაბრუნებულა ფრონტიდან. მზად ვარ, დავდგე მუხლებზე თითოეული ბავშვის წინაშე, რომლის მამა არ დაბრუნებულა ფრონტიდან.
მზად ვარ, დავდგე მუხლებზე თითოეული ქალის წინაშე, რომლის ქმარი არ დაბრუნებულა ფრონტიდან და თქვენც ამისკენ მოგიწოდებთ, ბატონო პრეზიდენტო“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.
ამის მერე, უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მუხლებზე დადგა.