პოლონეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ გერმანია რუსეთთან ალიანსის პოლიტიკას აგრძელებს
პოლონეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ გერმანია რუსეთთან ალიანსის პოლიტიკას აგრძელებს

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2- ის“ მშენებლობაზე რუსეთისა და გერმანიის თანამშრომლობა პოლონეთს კისერზე მარყუჟს უჭერს, – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ტელეკომპანია TVP1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ანტონი მაჩერევიჩის თქმით, არსებულ ვითარებაში პოლონეთისთვის გადამწყვეტი საკითხი აშშ-თან კავშირია, რადგან სხვა არც ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია დახმარების აღმოჩენა.

„გერმანია რუსეთთან ალიანსის პოლიტიკას აგრძელებს. მათ სურთ როგორც პოლონეთის, ასევე ცენტრალური ევროპის გაგუდვა და თავიანთ ეკონომიკურ-პოლიტიკურ ძალაზე სამუდამო დამოკიდებულების შექმნა“, – აღნიშნა მეჩერევიჩმა.

თავდაცვის უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ პოლონეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დარჩენას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ მის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზა განთავსდება და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არ განხორციელდება.

აღნიშნული პროექტით ბუნებრივი აირი ევროპამ რუსეთიდან უნდა მიიღოს.