„პოლიტიკო“ – ევროკავშირის მოქალაქეების აზრი ორად იყოფა კითხვაზე, ვისთან უნდა გააღრმავოს ბლოკმა ურთიერთობები, აშშ-თან თუ ჩინეთთან

00:16, 03.07.2026

24 ქვეყანაში ჩატარებული ახალი გამოკითხვის მიხედვით, ევროპელები ვერ თანხმდებიან, ევროკავშირმა უფრო მჭიდრო ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან უნდა განავითაროს თუ ჩინეთთან, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

როგორც „პოლიტიკო“ აღნიშნავს, გამოცემისთვის გაზიარებულ ახალ სოციოლოგიურ კვლევაში ნათქვამია, რომ გამოკითხული 24 ქვეყნიდან 14 ქვეყანაში ყველაზე გავრცელებული პასუხი იყო, რომ არ იციან, რომელ მხარეს მიანიჭონ უპირატესობა. რვა ქვეყანაში რესპონდენტები ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ემხრობიან, ცხრა ქვეყანაში კი – აშშ-თან კავშირების გაძლიერებას. შვიდ ქვეყანაში პოზიციები თითქმის თანაბრადაა გაყოფილი.

კვლევის მიხედვით, დასავლეთ ევროპაში შეერთებული შტატები სულ უფრო ნაკლებად აღიქმება სანდო მოკავშირედ. იტალიასა და ესპანეთში გამოკითხულები ჩინეთთან დაახლოებას უფრო უჭერენ მხარს, ხოლო საფრანგეთსა და გერმანიაში რესპონდენტთა უმეტესობამ არჩევანის გაკეთება ვერ შეძლო.

ამავდროულად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში აშშ-ისადმი დამოკიდებულება უფრო პოზიტიურია. პოლონეთში, ლიეტუვასა და ესტონეთში გამოკითხულები ვაშინგტონთან ურთიერთობების გაძლიერებას ემხრობიან.

„ევროპელები ამერიკისგან დისტანცირებას მიღწევადად მიიჩნევენ, ზოგ ქვეყანაში ეს უკვე უმრავლესობის არჩევანიცაა. ამავდროულად, ჩინეთზე დამოკიდებულებას ისინი აღიქვამენ არა როგორც არჩევანს, არამედ როგორც რეალობასა და აუცილებლობას“, – აცხადებს Public First-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევების ხელმძღვანელი სებ რაიდი.

ამასთან, გამოკითხულთა 40 პროცენტი აცხადებს, რომ თავიანთი ქვეყნის უსაფრთხოება ევროპულ სამხედრო დახმარებას უნდა დაეყრდნოს, მაშინ როდესაც ევროპის გარეთ მდებარე ქვეყნების, მათ შორის, აშშ-ის დახმარებაზე მხოლოდ 14 პროცენტია თანახმა. თუმცა ევროპელებს ეჭვი ეპარებათ, შეუძლია თუ არა კონტინენტს დამოუკიდებლად მათი დაცვა: 41 პროცენტი ფიქრობს, რომ ევროპა ამისთვის მზად არის, 43 პროცენტი კი საპირისპირო აზრს გამოთქვამს.

საკუთარი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მიმართ სკეპტიციზმი კიდევ უფრო მაღალია. 58 პროცენტი მიიჩნევს, რომ მათი ქვეყანა თავდასხმის შემთხვევაში თავის დაცვას ვერ შეძლებს. ამასთან, 46 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროპულმა ქვეყნებმა თავდაცვითი აღჭურვილობა თავად უნდა აწარმოონ, მაშინაც კი, თუ ეს ხარჯებს გაზრდის.

კვლევა 6-22 ივნისს ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო 23 970-მა რესპონდენტმა, თითოეულ ქვეყანაში დაახლოებით 1 000-მა ადამიანმა. ცდომილების ზღვარი მთლიან შერჩევაში დაახლოებით 0,6 პროცენტია.

მსგავსი