„პოლიტიკო“ - აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-ს შეხვედრაზე იკამათეს
„პოლიტიკო“ - აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-ს შეხვედრაზე იკამათეს

ამერიკული გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, ნატო-ში გამართულ ვირტუალურ შეხვედრაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ იკამათეს.

როგორც რამდენიმე ანონიმური წყარო ადასტურებს, პომპეომ განაცხადა, რომ თურქეთმა ხმელთაშუა ზღვაში ნატო-ს მოკავშირეებთან ურთიერთობის დაძაბა და საჩუქარი გაუკეთა პუტინს, როდესაც რუსული ანტისარაკეტო სისტემები შეიძინა.

თავის მხრივ, მევლუთ ჩავუშოღლუმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ევროპელი მოკავშირეების თურქეთის წინააღმდეგ დარაზმვაში დასდო ბრალი. მისივე თქმით, ვაშინგტონმა უარი უთხრა თურქეთს „პატრიოტის“ სისტემების შეძენაზე.

ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ „ქურთული ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერაში“ დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ ვაშინგტონმა და პარიზმა მთიან ყარაბაღში კონფლიქტი გაამწვავეს, როდესაც სომხეთს დაუჭირეს მხარი.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, სიტყვიერი დაპირისპირების დროს პომპეოს მხარი დაუჭირა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა, რომელმაც განაცხადა, რომ „ნატო-ში ერთსულოვნების მიღწევა შეუძლებელი იქნება, თუ თურქეთი რუსეთის აგრესიულ ინტერვენციონიზს მიბაძავს“.

გამოცემის ცნობით, შეხვედრის ბოლოს თურქეთი ფაქტობრივად იზოლაციაში აღმოჩნდა. ჩავუშოღლუმ მოუწოდა ნატო-ს, ლიბიის სამოქალაქო ომში როლი შეასრულოს, ეს წინადადება მოკავშირეებმა უარყვეს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და საბერძნეთს შორის დავა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის მიერ ბუნებრივი რესურსების მოძიების მიზნით წამოწყებულ სეისმოლოგიურ კვლევებს უკავშირდება. საბერძნეთში აცხადებენ, რომ თურქეთი ამ კვლევას სადავო ტერიტორიაზე ატარებს.