საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი იერიშის გამო გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვა მოითხოვა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო აცხადებს, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა მოითხოვა.
როგორც ბარომ სოციალურ ქსელში დაწერა, კრემლის მიერ კიევზე მიტანილი იერიშის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ, ასევე მიზანში ამოიღეს ნიდერლანდებისა და ავსტრიის საელჩოებიც.
„კრემლმა კვლავ დაარტყა კიევს. მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. ავსტრიისა და ნიდერლანდების საელჩოები მიზანში ამოიღეს. ეს დანაშაულებია“, – წერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ბარომ უკრაინელ ხალხს, ავსტრიელ და ჰოლანდიელ მეგობრებს სოლიდარობა გამოუცხადა და განაცხადა, რომ რუსეთზე ზეწოლა არ შემცირდება.
„სრული სოლიდარობა უკრაინელ ხალხს, ავსტრიელ და ჰოლანდიელ მეგობრებს. ვლადიმერ პუტინს სჯერა, რომ კანონზე მაღლაა, მაგრამ კანონზე მაღლა არ არის. ჩვენ ზეწოლას არ შევამცირებთ“, – დაწერა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.