ალექსანდერ სტუბი – ტრამპის, სი ძინპინისა და პუტინის დეკლარაციაში უკრაინის შესახებ პუნქტი უნდა ყოფილიყო, თუმცა ფორმულირება კარგი არ იყო და აშშ-მა დეკლარაციიდან ამოიღო

20:32, 20.11.2026

ტრამპის, სი ძინპინისა და პუტინის დეკლარაციაში უკრაინის შესახებ პუნქტი უნდა ყოფილიყო, თუმცა აშშ-მა სიიდან ამოიღო, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა განაცხადა.

სტუბის თქმით, ეს ბერლინში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრამდე, წინასწარი განხილვების დროს გახდა ცნობილი. დოკუმენტზე შეთანხმდნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი. ფინეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის შესახებ პუნქტი საბოლოო ვერსიიდან სწორედ ამერიკელების მოთხოვნით ამოიღეს.

„იქ არსებული ფორმულირება კარგი არ იყო, ამიტომ აშშ-მა ამოიღო. ჩემი აზრით, ეს კარგი რამ იყო“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

სტუბი ასევე დარწმუნებულია, რომ ევროპელებს ადრე თუ გვიან მოუწევთ პუტინთან პირადად შეხვედრა უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად.

„შესაძლოა, პირველი ნაბიჯი იყოს მოწოდება, რომელიც E3-E5 ღერძიდან უნდა გაკეთდეს. ვვარაუდობ, რომ გარკვეულ მომენტში ევროპელ ლიდერებს პუტინთან შეხვედრა მოუწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ომი არასდროს დასრულდება“, – აღნიშნა ფინეთის ლიდერმა.

E3 ჯგუფში შედიან გერმანია, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო, ხოლო E5 ჯგუფში ასევე შედიან პოლონეთი და იტალია. სტუბმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპმა ჩინეთიდან გამგზავრებისთანავე „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის მონაწილეებს თავისი თვითმფრინავიდან დაურეკა.

ფინეთის ლიდერის თქმით, ამერიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს, რათა ევროპამ თავისი რესურსები სხვა საჭიროებებზე გადაამისამართოს. ფინეთის პრეზიდენტი განცხადებით, ტრამპმა აღნიშნა, რომ ევროპელები პუტინს პირდაპირ უნდა დაუკავშირდნენ.

„ფაქტია, რომ რუსეთში ომისა და მშვიდობის საკითხებს მხოლოდ ერთი ადამიანი წყვეტს და ეს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია“, – აღნიშნა ფინეთის ლიდერმა.

მსგავსი