პოჩეტინო - მბაპეს შენარჩუნებას ჩვენთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისო პოჩეტინომ განაცხადა, რომ მისი კლუბისთვის კილიან მბაპეს შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„პსჟ-ს ამბიციური პროექტია, – მოჰყავს პოჩეტინოს სიტყვები საფრანგეთის ჩემპიონატის პრესსამსახურს. – კილიან მბაპეს გუნდში დატოვება კი „პარი სენ-ჟერმენის“ მომავლისთვის ფუნდამენტური საკითხს წარმოადგენს“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პარიზელებმა ნეიმართან ახალი კონტრაქტი გააფორმეს, რომელიც 2025 წლამდე იქნება ძალაში. 22 წლის მბაპეს ხელშეკრულება „პარი სენ-ჟერმენთან“ კი 2022 წელს იწურება. პარიზულ კლუბში იმედი აქვთ, რომ ნეიმარის მსგავსად, თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელთან შეთანხმებას შეძლებენ.
პარიზული გრანდი საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე იმყოფება და პირველადგილოსან „ლილის“ მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.