პირველი გამარჯვება ფიბა-ევროპის თასზე - თსუ-მ „კერავნოსი“ დაამარცხა #1TVSPORT
ფიბა-ევროპის თასზე საქართველოს ჩემპიონმა თსუ-მ მეორე მატჩი გამართა. სტუდენტურმა კლუბმა კვიპროსის „კერავნოსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 63:60 დაამარცხა.
ხუთწლიანი შესვენების შემდეგ ეს იყო პირველი საკალათბურთო ევროტურნირის მატჩი საქართველოში. ასეთ დროს იოლი ნამდვილად არ არის დარბაზის გავსება, რადგან გულშემატკივარი მხოლოდ სანაკრებო მატჩებზე სიარულსაა მიჩვეული. თუმცა, თსუ-ს საკალათბურთო გუნდის ხელმძღვანელობის ორგანიზებით, დარბაზის პირველი იარუსი თითქმის მთლიანად შეივსო. გულშემატკივარმა დიდი ენერგია შეიტანა თამაშში – მთელი მატჩის განმავლობაში ომახიანად ქომაგობდა.
თსუ-ს მწვრთნელმა, ლექსო ლაფანაშვილმა ქართული ხუთეულით დაიწყო – ანდრონიკაშვილი, ცინცაძე, ჯინჭარაძე, ფევაძე და ტურძილაძე. პირველი ტაიმი, უმთავრესად ბოლოს ჩაგდებული სამქულიანების ხარჯზე, კვიპროსულმა გუნდმა მოიგო – 38:26.
თამაშის შემოსაბრუნებლად საჭირო იყო, პირველ რიგში, დაცვაში მეტი ყურადღება და მეორე – ლიდერი, რომელიც თსუ-ს გაუძღვებოდა და გუნდსაც აიყოლიებდა. ასეთი კალათბურთელი კახა ჯინჭარაძე აღმოჩნდა, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისში ზედიზედ შვიდი უპასუხო ქულა ჩააგდო. თსუ დაცვაშიც მტკიცედ დადგა და ჩამორჩენაც აღმოფხვრა. მეოთხე პერიოდის დასაწყისში მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს და იმავე ჯინჭარაძის სამქულიანი ტყორცნით წინაც გავიდნენ 48:47.
ამის შემდეგ შეხვედრის ბოლომდე თსუ-ს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია და საბოლოოდ მატჩი ქართველი კალათბურთელების გამარჯვებით დასრულდა – 63:60.
მომდევნო შეხვედრას ქართული გუნდი 2 ნოემბერს სტუმრად იტალიაში, „ვარეზეს“ წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 23:30 საათზე დაიწყება.