თსუ-მ 17-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა, თუმცა ბოლო წამებზე მინიმალური სხვაობით დამარცხდა #1TVSPORT
თსუ-მ 17-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა, თუმცა ბოლო წამებზე მინიმალური სხვაობით დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონმა, თსუ-მ ფიბა-ევროპის თასზე მეოთხე მატჩი გამართა. სტუდენტებმა გერმანულ „გოტინგენს“ უმასპინძლეს და 85:86 დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ თსუ-ს „კერავნოსთან“ მოგებამდე (2023 წლის 25 ოქტომბერი) ქართულ გუნდებს ევროთასებზე 12 წლის განმავლობაში გამარჯვება არ ჰქონდათ მოპოვებული. ბოლოს 2011 წელს „არმიამ“ გერმანული „გოტინგენი“ დაამარცხა. სწორედ ეს გუნდი ეწვია თბილისს თსუ-სთან სათამაშოდ, თუმცა ამჯერად გამარჯვებული სტუმრები გამოვიდნენ.

თსუ-ს წაგების მთავარი მიზეზი გუნდის დანაკლისი იყო – ვერ დაეხმარა ორი ტრავმირებული, ტაირ ბოიკინი და ნოდარ გოგოძე. სტუდენტების მწვრთნელის, ლესო ლაფანაშვილის განკარგულებაში მხოლოდ ორი ლეგიონერია – ნიკოლა ვუიოვიჩი და კამერინ კრენსტონი, რომელთაგან კრენსტონს სათამაშო დრო მინიმალურად ეძლევა, გუნდს გვიან შეუერთდა და სათანადო კონდიციებში ჯერ არ არის.

შესაბამისად, მთელი დატვირთვა, ვუიოვიჩის გარდა, ექვს ქართველ კალათბურთელზე მოვიდა: ცინცაძე, ჯინჭარაძე, ფევაძე, ანდრონიკაშვილი, ჩეჩელაშვილი და ტურძილაძე ბევრს კი ეცადნენ, ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ შედარებით გრძელი სკამის მქონე „გოტინგენთან“ გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დააკლდათ. კალათბურთში ხომ ძალიან ბევრს ნიშნავს სათანადო შეცვლა.

მესამე პერიოდის დასაწყისში გერმანელებმა 17-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს (60:43). ასეთი ჩამორჩენის გაბათილება კი მოკლე სათადარიგოთა სკამის პირობებში შეუძლებელია. თსუ-მ შეუძლებელი შეძლო: გულშემატკივრებისგან ენერგიით შევსებულმა მეოთხე პერიოდის შუაში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა – 68:69. ბოლო წამებამდე ანგარიში აიწონა-დაიწონას პრინციპით მერყეობდა. კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მეოთხე პერიოდი ჩაატარა რატი ანდრონიკაშვილმა, რომელმაც სამიანებიც ჩაყარა და სირენამდე 1:23 წუთით ადრე თსუ წინ გაიყვანა (83:82). 20 წამით ადრე ტურძილაძის ორქულიანის შემდეგ ტაბლოზე თსუ-ს სასარგებლოდ 85:84 დაფიქსირდა. გამარჯვების მომტანი ტყორცნა კი გერმანელთა ამერიკელმა ლეგიონერმა, ბარნსმა შეასრულა – 86:85 „გოტინგენის“ სასარგებლოდ.

31 ქულით მატჩის ბომბარდირი რატი ანდრონიკაშვილი გახდა.

თსუ მომდევნო მატჩს 15 ნოემბერს კვიპროსში „კერავნოსის“ წინააღმდეგ გამართავს.