ლექსო ლაფანაშვილი - კალათბურთში 14-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება რთულია, მაგრამ ბრძოლით ჩვენ ეს შევძელით #1TVSPORT
ლექსო ლაფანაშვილი - კალათბურთში 14-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება რთულია, მაგრამ ბრძოლით ჩვენ ეს შევძელით #1TVSPORT

2011 წლის 29 ნოემბერს საკალათბურთო კლუბმა არმიამ ევროჩელენჯზე გერმანული „გოტინგენი“ დაამარცხა – 69:61. მას მერე ფიბა-ს მიერ ორგანიზებულ არცერთ ტურნირზე ქართულ გუნდს გამარჯვება არ მოუპოვებია. ნავსი 2023 წლის 26 ოქტომბერს თსუ-მ გატეხა – ფიბა-ევროპის თასზე კვიპროსის „კერავნოსს“ 63:60 სძლია.

მატჩის შემდეგ ტაქტიკურ დეტალებზე ისაუბრა თსუ-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლექსო ლაფანაშვილმა:

„პირველი ტაიმი ძალიან რთული გამოვიდა. გვაკლდა აგრესია, რის გამოც რიგ ეპიზოდებში მეტოქემ უპირატესობის მოპოვება მოახერხა და 14 ქულითაც დაწინაურდა.

ასეთი სხვაობის გაბათილება კალათბურთში ძალიან რთულია, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში თამაში გამოვასწორეთ და სხვაობაც ნელ-ნელა შევამცირეთ. ამ მომენტში კახა ჯინჭარაძემ ერთმანეთის მიყოლებით არაერთი ქულა ჩააგდო. მან დიდი დახმარება გაგვიწია, ისევე როგორც ყველა სხვა კალათბურთელმა.

თუმცა გამარჯვება გუნდურმა თამაშმა განაპირობა. მეორე ტაიმში მეტი აგრესიით ვიცავდით თავს, მეტი ჩაჭრა გავაკეთეთ და სწრაფი შეტევების საშუალებაც გაგვიჩნდა.

განსაკუთრებული მადლობა თსუ-ს გულშემატკივარს, რომელმაც ბოლომდე ენერგიულად გვიქომაგა და თამაშს დამატებითი ხიბლი შესძინა“.