„გიოტინგენის“ მწვრთნელი ოლივიე ფუკარტი - ასეთი გულშემატკივრების წინაშე თამაში ჩვენთვისაც სასიამოვნო იყო #1TVSPORT
„გიოტინგენის“ მწვრთნელი ოლივიე ფუკარტი - ასეთი გულშემატკივრების წინაშე თამაში ჩვენთვისაც სასიამოვნო იყო #1TVSPORT

საკალათბურთო ფიბა-ევროპის თასზე თსუ ბოლო წამებზე დამარცხდა გერმანულ „გიოტინგენთან“ – 85:86. ამ მოგებით სტუმართა გუნდმა თითქმის გაინაღდა შემდეგ ეტაპზე გასვლა.

გახარებული იყო „გიოტინგენის“ მთავარი მწვრთნელი ოლივიე ფუკარტი:

„ეს იყო უმნიშვნელოვანესი გამარჯვება. ჯგუფიდან გასვლამდე ცოტა გვიკლია. საინტერესო მატჩი იყო, რომელსაც დამატებითი ხიბლი თსუ-ს გულშემატკივრობამ შესძინა. ასეთი ქომაგების წინაშე თამაში სტუმარი გუნდისთვისაც სასიამოვნოა“.

მესამე პერიოდში „გიოტინგენი“ 17 ქულით დაწინაურდა, თუმცა თსუ-მ თამაში შემოატრიალა და ბოლო წამებზე იგებდა კიდეც. ოლივიე ფუკარტს მეოთხე პერიოდის ჩავარდნაზე ვკითხეთ: რა მოხდა, თსუ-მ ითამაშა ასე კარგად, თუ თქვენ – ცუდად?

„თსუ-ს 3 ნომერი, ანდრონიკაშვილი მოხდა! მეტს ვერაფერს ვიტყვი – რაც მოისურვა, ყველაფერი გააკეთა, ვერაფერი მოვუხერხეთ“.

რატი ანდრონიკაშვილმა მატჩი 31 ქულით დაასრულა. აქედან 19 ქულა მეოთხე პერიოდში ჩააგდო.