პირველი დისციპლინა მიშველიძემ მეოთხე, შამილიშვილმა კი მეექვსე პოზიციაზე დაასრულა [ფოტო]
ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ამ წუთებში ორი ქართველი ძალოსანი ასპარეზობს. 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი ასანიძემ რამინ შამილიშვილი და ევროპის მოქმედი ჩემპიონი შოთა მიშველიძე შეარჩია.
მიუხედავად მცირე ტრავმისა მიშველიძე თავიდანვე წონის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა. ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს პრიზიორმა პირველ ცდაზე 125 კილოგრამი დაიმორჩილა, მეორე და მესამე ცდაზე კი 129 კილოგრამი ვერ დასძლია და საბოლოოდ პირველი დისციპლინა მეოთხე ადგილზე დაასრულა. აკვრას მიშველიძე 148 კილოგრამით დაიწყებს.
ფიცარნაგზე ქართველთაგან პირველი შამილიშვილი გავიდა, რომელმაც ატაცი 121 კილოგრამით წარმატებით დაიწყო. მეორე ცდაზე რამინს 124 კილოგრამის დამორჩილება არ გამოუვიდა, თუმცა ამ წონის დაძლევა მესამე ცდით მაინც შეძლო და საბოლოოდ ეს დისციპლინა მეექვსე ადგილზე დაასრულა. რაც შეეხება აკვრას, აქ აჭარელი სპორტსმენისთვის პირველ ცდაზე 145 კილოგრამია შეკვეთილი.
ატაცის ოქროს მედალი ამ წონით კატეგორიაში ჰენაძი ლაპცეუს ერგო, რომელმაც მესამე ცდაზე 133 კილოგრამი აიტაცა, აკვრას კი 150 კილოგრამით დაიწყებს.
რამდენიმე წუთში მეორე დისციპლინა – აკვრა დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგაც დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. შეგახსენებთ რომ პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს მეორე არხზე მიმდინარეობს.