პირველი დეკემბრიდან ბელგიაში შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყება
პირველი დეკემბრიდან ბელგიაში შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყება

ბელგია პირველი დეკემბრიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას დაიწყებს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდერ დე კროომ განაცხადა.

კერძოდ, პირველი დეკემბრიდან ბელგიაში გაიხსნება მაღაზიები, თუმცა ეპიდემიის მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად, საშობაო პერიოდში ძალაში დარჩება სხვა შეზღუდვები, მათ შორის შეკრებებებზე დაწესებული შეზღუდვა და ფოიერვერკების აკრძალვა. ამასთან, მაღაზიაში შესვლაზე დაწესებული იქნება შეზღუდვები. ამასთან, კარანტინი გახანგრძლივდა 15 იანვრამდე.

„თუ შეზღუდვებს ზედმეტად ადრე მოვხსნით, ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება და შემდეგ იქნება ძალიან რთული. თუ გვექნება მესამე ტალღა, ის მეორეზე უარესი იქნება და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლა უფრო რთული იქნება“, – განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე.

როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, მაშინ როდესაც, დიდ ბრიტანეთში შობაზე შესაძლებელი იქნება ოჯახის სამი წევრების შეკრება, ბელგიაში დასაშვები იქნება ოჯახის მიერ ერთ დამატებით პირთან შეხვედრა. მარტოდ მცხოვრები მოქალაქეები ორ ადამიანთან შეხვედრას შეძლებენ.

დე კროოს თქმით, შეზღუდვების შემსუბუქება გასართობად საყიდლებზე სიარულს არ ნიშნავს.
ბელგიაში ასევე გაიხსნება აუზები და მუზეუმები. დახურული რჩება ბარები, რესტორნები, სილამაზის სალონები, სპორტული და კულტურული ცენტრები.

ბელგიაში, რომლის მოსახლეობა 11 მილიონი ადამიანია, კორონავირუსით 16 219 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ევროპაში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.