პირველად ისტორიაში, მზის მსგავს ვარსკვლავთან „ულტრაცხელი ნეპტუნის“ ტიპის პლანეტა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
პირველად ისტორიაში, მზის მსგავს ვარსკვლავთან „ულტრაცხელი ნეპტუნის“ ტიპის პლანეტა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ახლახან აღმოჩენილი ეგზოპლანეტა პირველია ამ სახის პლანეტებს შორის. არის ნეპტუნის ზომის და თავის დედავარსკვლავთან წარმოუდგენლად ახლოს მოძრაობს — ერთ გარშემოვლას სულ რაღაც 19 საათს ანდომებს.

აღსანიშნავია, რომ ერთ დღეზე ნაკლები ორბიტული პერიოდის მქონე ნეპტუნის ზომის ეგზოპლანეტა ამ დრომდე აღმოჩენილი არ იყო.

როგორც წესი, საკუთარ ვარსკვლავთან ასე ახლომდებარე პლანეტები ან გაზის გიგანტებია — ე. წ. ცხელი იუპიტერები, ან უფრო პატარა — დედამიწის, მერკურის, მარსისა და ვენერას ზომის პლანეტები, რომლებსაც ულტრამოკლე პერიოდის მქონე პლანეტებს უწოდებენ. ამ ახალ კლასს, რომელსაც ჯერჯერობით მხოლოდ ეს ერთი პლანეტა წარმოადგენს, „ულტრაცხელ ნეპტუნებს“ უწოდებენ.

უცნაურია, მაგრამ როგორც მისი მახასიათებლები მიუთითებს, ეგზოპლანეტას მერკურის მსგავსი სიმკვრივე აქვს; მისი ატმოსფერო პლანეტის მასის სულ მცირე 9 პროცენტისგან შედგება. შედეგად, ჩნდება კითხვა — რატომ არ ააორთქლა ეს ატმოსფერო ვარსკვლავის ასეთმა მწველმა რადიაციამ?

„პლანეტა მოთავსებულია ე. წ. ნეპტუნურ უდაბნოში, რეგიონში, რომელიც პლანეტებს მოკლებულია, როდესაც პლანეტური მასებისა და ზომების პოპულაციებს ვეძებთ“, — ამბობს ჩილეს უნივერსიტეტის ასტრონომი ჯეიმს ჯენკინსი.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყინულოვანი მარცვლები პლანეტათა ფორმაციის საკმაოდ გავრცელებული ნარჩენი პროდუქტია, ასე არ არის ვარსკვლავებთან ძალიან ახლოს, ასეთი პლანეტები დროთა განმავლობაში ატმოსფეროს დაკარგავენ და ე. წ. ულტრამოკლე პერიოდის პლანეტებად გადაიქცევიან.

ამ პლანეტას LTT 9779b-ს უწოდებენ და ჩვენგან 260 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავ LTT 9779-ის გარშემო მოძრაობს. ეს ვარსკვლავი ძალიან ჰგავს ჩვენს მზეს, აქვს დაახლოებით იგივე მასა, მაგრამ არის ოდნავ ცივი. თუმცა, არის უფრო ახალგაზრდა — ორი მილიარდი წლის (მზის ასაკი 4,6 მლრდ წელია) და შესაბამისად, უფრო მეტ ლითონს შეიცავს, მზეზე ორჯერ მეტ რკინას.

ვარსკვლავის გარშემო პლანეტა LTT 9779b-ის ორბიტა პატარაა, სულ რაღაც 2,5 მილიონი კმ ნახევრად ძირითად ღერძთან. ეს კი დედამიწასა და მზეს შორის არსებული მანძილის 1,6 პროცენტია. ვარსკვლავთან ყველაზე ახლო წერტილში მისვლისას, ეგზოპლანეტა დაახლოებით 1700 გრადუს ცელსიუსამდე უნდა თბებოდეს.

ეგზოპლანეტებს ორი ძირითადი მეთოდით ზომავენ. ტრანზიტული მონაცემებით — რამდენად ბნელდება ვარსკვლავის სინათლე მის წინ ეგზოპლანეტის ჩავლისას — გამოიყენება მისი მასის გამოსათვლელად. რადიალური სიჩქარის მონაცემები — რამდენად ირხევა ვარსკვლავი ეგზოპლანეტის მიერ გრავიტაციული მიზიდვის შედეგად — გამოიყენება მასის გამოსათვლელად.

ამ მონაცემთა საფუძველზე მკვლევრებმა გამოიანგარიშეს, რომ LTT 9779b-ს აქვს დაახლოებით 29,32 დედამიწის მასა და ზომით ჩვენს პლანეტაზე 4,72-ჯერ დიდია. შედარებისათვის — ნეპტუნი დედამიწაზე 17,1-ჯერ მასიურია და 3,38-ჯერ დიდი.

გამომდინარე იქიდან, რომ სიმკვირივით შეგვიძლია დავადგინოთ შემადგენლობაც, LTT 9779b-ის თვისებები მიუთითებს, რომ მას ნეპტუნის მსგავსი შემადგენლობა აქვს — დიდი კლდოვანი ბირთვი და მტკიცე ატმოსფერო. მეცნიერთა აზრით, მთელი თავსატეხი სწორედ ამაში მდგომარეობს. ეს ატმოსფერო დამწვარი უნდა იყოს ფოტოაორთქლების სახელით ცნობილი პროცესის შედეგად.

„ახალგაზრდა დედავარსკვლავიდან მომდინარე ძლიერი რენტგენული და ულტრაიისფერი ნათება პლანეტის ზედა ატმოსფეროს უნდა აცხელებდეს და მის გაზებს კოსმოსში ისვრიდეს. ფოტოაორთქლებამ თანდათან ის ან მოშიშვლებულ კლდოვან პლანეტად აქციოს, ან გაზის გიგანტად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ პლანეტის ისტორიაში ადგილი ჰქონდა რაღაც ახალს და უჩვეულოს, რის გაგებასაც ახლა ვცდილობთ“, — ამბობს გაერთიანებული სამეფოს უორიკის უნივერსიტეტის ასტრონომი ჯორჯ კინგი.

შეიძლება გასაღები იყო ვარსკვლავის მეტალიანობა — გაზის გიგანტი პლანეტები ძირითადად უფრო ასეთ ვარსკვლავებს აქვთ, ვიდრე მეტალნაკლულებს. LTT 9779b შეიძლება იშვიათი შუალედური ნაბიჯი იყოს გაზის გიგანტებსა და მოკლეპერიოდიან პლანეტებს შორის.

„პლანეტური სტრუქტურის მოდელები გვეუბნება, რომ პლანეტას გიგანტური ბირთვი აქვს, მაგრამ უნდა ჰქონდეს 2-3 დედამიწის მასის ატმოსფერული გაზი. თუმცა, თუ ვარსკვლავი ასე ხანდაზმულია, რატომ აქვს პლანეტას ატმოსფერო საერთოდ? — ამბობს ჯენკინსი.

მისივე განცხადებით, თუ if LTT 9779b-მა არსებობა გაზის გიგანტის სახით დაიწყო, როშის ნაწილის გადინების სახელით ცნობილ პროცესს მისი ატმოსფეროს შემადგენელი აირების დიდი ნაწილი ვარსკვლავისთვის უნდა გადაეცა.

წლის დასაწყისში აღმოაჩინეს მოზრდილი კლდოვანი პლანეტა, რომელიც ერთ დროს გაზის გიგანტი პლანეტის მოშიშვლებული ბირთვი უნდა იყოს; ის დედავარსკვლავს გარს უვლის 18 საათში ერთხელ. შესაბამისად, ნამდვილად არსებობს მიზეზი იმისა, რომ ამ პროცესში შუალედური ეტაპი ადრე თუ გვიან მაინც დგება.

ასევე შესაძლებელია, რომ LTT 9779b დედავარსკვლავიდან გაცილებით შორის წარმოიქმნა და შემდეგ შიდა მიმართულებით გადაადგილდა, რადგან მისი ორბიტა გრავიტაციული ურთიერთქმედებით სხვა პლანეტებმა მოშალეს. თუ ეს მართლაც ასეა, ის საკუთარ ატმოსფეროს უფრო დიდხანს შეინარჩუნებდა, ვიდრე იმ შემთხვევაში, ამჟამინდელ ადგილას რომ დაბადებულიყო.

ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ ეგზოპლანეტას მნიშვნელოვანი ატმოსფერო აქვს და ვარსკვლავის გარშემო 19 საათში ერთხელ მოძრაობს. შესაბამისად, მშვენიერი კანდიდატია შემდგომი კვლევებისთვის, რადგან ატმოსფეროში გამავალი ვარსკვლავის სინათლის ანალიზი მისი ატმოსფეროს შემადგენლობის დადგენის საშუალებას მოგვცემს.

„ეს პლანეტა ძალიან ცხელია, რაც გვაფიქრებინებს, რომ უნდა ვეძებოთ წყალბადსა და ჰელიუმზე მძიმე ელემენტები, ისევე როგორც იონიზებული ატომბირთვები“, — ჩილეს უნივერსიტეტის ასტრონომი ჯეიმს ჯენკინსი.

მისივე განცხადებით, უპრიანია ვიფიქროთ, რომ ეს „შეუძლებელი პლანეტები“ იმდენად იშვიათია, რომ პოვნა მხოლოდ ახლაღა შევძელით. შესაბამისად, საჭიროა მისი დეტალური კვლევა.

კვლევა Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია warwick.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი