პინოქიოდან სკილზამდე - ევროპის ჩემპიონატების მასკოტების ისტორია [ვიდეო] #1TVSPORT
პინოქიოდან სკილზამდე - ევროპის ჩემპიონატების მასკოტების ისტორია [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიოში არსებულ უამრავ კლუბს, ნაკრებსა და ტურნირს ჰყავს საკუთარი თილისმა – მთავარი მიზანი ის სადღესასწაულო ელფერია, რომლის გამოც გულშემატკივრები თავიანთ საყვარელ გუნდებს სხვადასხვა ტურნირებზე კიდევ უფრო მეტი მხიარულებით ადევნებენ თვალს. გახსოვთ ალბათ 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის მიერ არჩეული მასკოტი, ლომი სახელად უილი, რომელმაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია და რაც მთავარია, მასპინძელ ნაკრებსაც იღბალი მოუტანა – ინგლისი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

1980 წლიდან კი ევროპის ჩემპიონატებზეც დაიწყეს მასკოტების შერჩევა. ამ სტატიაში კი თითოეული მათგანის მოკლე ისტორიებს გაგაცნობთ.

 

ევრო 1980, იტალია, პინოქიო

პინოქიო, ისევე როგორც ახლა, 1980 წელსაც პოპულარული იყო – „თუ მოიტყუები, ცხვირი გაგეზრდება“, – ბავშვებში დღესაც გავრცელებული ფრაზაა და იმ პერიოდშიც, რა თქმა უნდა, აქტუალური იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატისთვის მასკოტად ყველა ბავშვის საყვარელი გმირი პინოქიო შეარჩიეს და ამ ტურნირზე თილისმების ისტორიაც სათავეს სწორედ აქედან იღებს.

 

ევრო 1984, საფრანგეთი, პენო

გასაკვირი არაა, რომ საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თილისმად მამალი აირჩიეს, რომელიც „ლე ბლუს“ სათამაშო ფორმით, ბუცებითა და ხელთათმანებით არის შემკობილი. სახელი პენო ფრანგულ სლენგზე პენალტს ნიშნავს.

 

ევრო 1988, დასავლეთ გერმანია, ბერნი

1988 წლის ევროპის ჩემპიონატის თილისმად კურდღელი სახელად ბერნი იქცა, რომელიც გერმანიის ნაკრების ფორმის ფერებში იყო წარმოდგენილი. გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ეს სახელი მას ქალაქ ბერნის გამო დაარქვეს. ეს არის ადგილი, სადაც უეფა-ს შტაბბინა მდებარეობს და 1954 წელს გერმანიამ მსოფლიო თასის ტიტული მოიპოვა.

 

ევრო 1992, შვედეთი, რებითი

ამჯერად ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირისთვის მასკოტი შვედეთს უნდა აერჩია, მასპინძლებმა კი საკმაოდ ბანალური გადაწყვეტილება მიიღეს. შვედებმა კვლავ კურდღელი აარჩიეს, რომელსაც სახელი რებითი (კურდღელი) დაარქვეს.

 

ევრო 1996, ინგლისი, გოლიაფი

კურდღლების სერია 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე წყდება. მასპინძელი ინგლისია და თილისმადაც, რა თქმა უნდა, ისევე როგორც 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, აქაც ლომი გვევლინება, რომელიც თეთრი ფორმითაა გამოწყობილი.

 

ევრო 2000, ჰოლანდია-ბელგია, ბენილაქი

2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე 5000 კანდიდატიდან ამ ტურნირის მასპინძლებმა შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო თილისმა აარჩიეს. სახელი ბენილაქი (Benelucky) პირველ რიგში ტურნირის მასპინძლებიდან გამომდინარეობს – ბელგია (Be), ნიდერლანდები (Ne), ლუქსემბურგი (Lu). მეორე რიგში კი ლათინური სიტყვების Bene და Luck კომბინაციაა, რაც გულშემატკივრებში დადებით ემოციებს იწვევს. თუ მას კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ბენილაქი ეშმაკია, რაც ბელგიის ნაკრების ზედმეტი სახელია (წითელი ეშმაკები), არსება ნახევრად ასევე ლომს ჰგავს, რასაც ნიდერლანდელთა ნაკრების გერბზე შევხვდებით.

 

ევრო 2004, პორტუგალია, კინაში

პორტუგალია საკმაოდ ახლოს იყო იმასთან, რომ მათ მიერ შერჩეულ თილისმას მიზანი შეესრულებინა, რაც ევროპის ჩემპიონატებზე აქამდე მხოლოდ საფრანგეთმა მოახერხა. პორტუგალიელები ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან დამარცხდნენ, მათი თილისმა – ბიჭუნა კინაში კი არც თუ ისე იღბლიანი გამოდგა. კინაში სახელი იმ ხუთი ფარისგან გამომდინარეობდა, რომელიც პორტუგალიის ნაკრების გერბზე არის გამოხატული.

 

ევრო 2008, ავსტრია-შვეიცარია, ტრიქსი და ფლიქსი

იდუმალი ტყუპები ალპებიდან მასპინძელ ქვეყნებს წარმოადგენენ, მათ გამორჩეული და მხიარული გარეგნობა აქვთ, აჩეჩილი თმები კი ალპების მთებზე მიანიშნებენ. ტრიქსი და ფლიქსი არიან პირველი მასკოტები ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, რომლებსაც სპეციალური საუნდტრეკიც კი აქვთ.

 

ევრო 2012, პოლონეთი-უკრაინა, სლავეკი და სლავკო

„40 წლის წინ ზუსტად ასეთი თმა მქონდა“, – ასე გამოეხმაურა პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტი ამ მასკოტების დუეტს. სლავეკი და სლავკო ვიზუალურად ტრიქსა და ფლიქსს ჰგავდნენ, უბრალოდ მასპინძელი ქვეყნების ფერებში იყვნენ შეღებილები.

 

ევრო 2016, საფრანგეთი, სუპერ ვიქტორი

ბიჭუნას, რომელიც კონცხით, საფრანგეთის ნაკრების ფორმითა და მეკარის ხელთათმანებით იყო გამოწყობილი, განსაკუთრებული ძალა გააჩნდა და მასპინძელ ქალაქებს შორის ფრენა შეეძლო. სახელი ვიქტორი ლათინური სიტყვიდან Victory გამომდინარეობს, რომელიც გამარჯვებას ნიშნავს. სწორედ ამიტომ დაარქვეს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის თილისმას სუპერ ვიქტორი.

 

ევრო 2020, სკილზი

ფრისტაილერი სკილზის ისტორია, რომელიც წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის თილისმაა, შეგიძლიათ ნახოთ უეფა-ს მიერ მომზადებულ ანიმაციაში.

სკილზი ნორვეგიელმა ფრისტაილერებმა ლივ კუკმა და ტობიას ბექსმა წარადგინეს.

ვის მოუტანს ევრო 2020-ის თილისმა იღბალს? ამას ზუსტად ერთ თვეში გავიგებთ.