პელეს უცნობი გატაცება - ფეხბურთის მეფეს ოფიციალური შეხვედრები მეკარის ამპლუაშიც უთამაშია (ვიდეო)
ოქტომბერში პელე (ედსონ არანტეს დო ნასიმენტო) 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. ბრაზილიელი მეგავარსკვლავის შესახებ ფეხბურთის გულშემატკივარმა ბევრი რამ იცის, შესაძლოა, მისი სრული სახელიც კი. მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბევრმა იცოდეს ფაქტი, რომელზეც ახლა მოგითხრობთ.
თურმე, ფეხბურთის მეფეს ოფიციალური მატჩები მეკარედაც უთამაშია და არსებობს ვიდეოც, თუ როგორ იგერიებს ურთულეს პენალტს – ამის შესახებ „ჟგა ბონიტოს“ ბლოგზე გამოქვეყნებული საინტერესო წერილის ფრაგმენტებს გაგაცნობთ.
„ფეხბურთის მეფეს მეკარეებისთვის დამახასიათებელი აღნაგობა და სიმაღლე არ ჰქონდა, მაგრამ შესანიშნავი ნახტომი და რეაქცია გამაორჩევდა. პელემ მეკარის ჩვევები არა მხოლოდ ვარჯიშებზე წარმოაჩინა, არამედ ოფიციალურ თამაშებზეც – ეს იმ დროს, როდესაც ფეხბურთელთა შეცვლები არ დაიშვებოდა. ამიტომ, მეკარე რაიმე მიზეზით მატჩის გაგრძელებას თუ ვერ ახერხებდა, მაშინ კარში მოედნის მოთამაშე დგებოდა, „სანტოსში“ კი ასეთი ფეხბურთელი ხშირად პელე იყო“ – წერია Joga bonito ბლოგში.
მისი ყოფილი თანაგუნდელის, ლიმას თქმით, „სანტოსში“ ძალიან უყვარდა კარში თამაში: ვარჯიშის დასრულების შემდეგაც თანაგუნდელებს სთხოვდა დარჩენილიყვნენ და მეკარეობაში ევარჯიშა.
„ის შესანიშნავი მეკარე იყო და ბურთებს კარგად იგერიებდა. ამ ამპლუაში რომ ეთამაშა, მაინც შესანიშნავ კარიერას აიწყობდა”- იხსენებდა დიდი ჟილმარი.
ეს პელემ ერთხელ ინტერვიუში თავადაც მოკრძალებულად აღიარა – „მე ნამდვილად კარგი მეკარე ვიყავი”. მისი თქმით, კარიერის განმავლობაში კარში ჩადგომა ოთხჯერ მოუხდა.
ფეხბურთის მეფე რომ არ იტყუება, ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ. მაგალითად, პელე პენალტს რომ იგერიებს.
პელეს 4 თამაში კარში, რომლის შესახებაც ოფიციალურადაა ცნობილი.
1 მატჩი. „კომერსიალის“ წინააღმდეგ
1959 წლის 4 ნოემბერს, პაულისტა ვილა ბელმაროს ჩემპიონატზე თამაშისას, „სანტოსის“ მეკარე ლალამ მეტოქესთან შეჯახების შემდეგ გონება დაკარგა, ხოლო დანარჩენ 19 წუთში მისი ადგილი პელემ დაიკავა და გოლი არ გაუშვია. „სანტოსმა” 4:2 მოიგო – საინტერესოა, რომ ერთ-ერთი გოლიმ პელეს ანაგრიშზე იყო.
2 მატჩი. „გრემიოს“ წინააღმდეგ
“გრემიოსთან” 1963 წელს ბრაზილიის თასის ნახევარფინალში ითამაშა. „სანტოსმა“ პორტოს ალეგერში გამართულ პირველ შეხვედრაში რიო გრანდე დო სულის გუნდი 3:1 დაამარცხა. საპასუხო თამაშში მეკარე ჟილმარი 86-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს. პელემ მეკარის ხელათმანები მოირგო და 2 სახიფათო დარტყმა მოიგერია. „სანტოსმა“ 4:3 მოიგო, პელემ კი იმ დღეს ჰეთ-თრიკი შეასრულა.
3 მატჩი. „ბოტაფოგოს“ წინააღმდეგ (არა რიოს, არამედ პარაიბის გუნდთან)
პელეს შეეძლო ისტორიული მე-1000 გოლის გატანა ამხანაგურ მატჩში, რომელიც ჟუოო-პესოაში 1969 წლის 14 ნოემბერს ითამაშა. მაგრამ მან ეს არ გააკეთა. საამისოდ შესაფერისი გარემო სჭირდებოდა, ანუ „მარაკანაზე“ თამაში. ამას „სანტოსის“ მწვრთნელი ანტონონიო მიხვდა და მეკარეს, ჟაირ ესტევანს სთხოვა, რომ ტრავმის სიმულაციის მოტივით მოედანი დაეტოვებინა, რათა კარში პელე ჩამდგარიყო და ასეც მოხდა.
4 მატჩი. „ბალტიმორ ბეისის“ (აშშ) წინააღმდეგ
1973 წლის 19 ივნისს გამართულ ამხანაგურ მატჩში „სანტოსმა“ „ბალტიმორ ბეისი“ 4:0 დაამარცხა, პელემ ორი გაიტანა, რომელთაგან პირველი კარიერაში ერთადერთზელ პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია, ხოლო 81-ე წუთზე კარში ჩადგა.