პელე თავისი შვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე უარყოფს მისი შვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას სახლიდან გამოსვლა და საზოგადოებაში გამოჩენა ერიდება და აცხადებს, რომ ჯანმრთელობის ის პრობლემები, რომლებიც მას აქვს, ამ ასაკში ნორმალურია.
შეგახსენებთ, რომ პელეს შვილმა, ედინიომ, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მამამისი დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდება, რის გამოც საზოგადოებაში გამოჩენის რცხვენია.
„კარგად ვარ“, – ამბობს პელე, – „ვეგუები იმას, რომ ფიზიკური შესაძლებლობები შეზღუდული მაქვს, თუმცა დანებებას არ ვაპირებ“.
კარიერის განმავლობაში ჩატარებულ 1363 მატჩში პელემ 1281 გოლი გაიტანა, მათ შორის 77 გოლი ბრაზილიის ნაკრებში ჩატარებულ 91 მატჩში.
„გადატვირთული განრიგი მაქვს და ვცდილობ, ყველა ვალდებულება შევასრულო. მაქვს კარგი და ცუდი დღეები და ეს ნორმალურია ჩემი ასაკის ადამიანებისთვის. მე არ მეშინია და მტკიცედ მჯერა იმის, რასაც ვაკეთებ“, – ამბობს პელე.