ბრაზილიელმა ფეხბურთის ლეგენდა პელემ განაცხადა, რომ ინგლისის ნაკრების ყოფილი გოლკიპერი გორდონ ბენკსი, რომელიც 12 თებერვალს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა, „სასწაულებრივი მეკარე“ იყო.
1966 წელს ბენკსი თავის მშობლიურ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, თუმცა ყველაზე კარგად ფეხბურთის მოყვარულებს მის მიერ 1970 წელს მოგერიებული პელეს თავური დარტყმა დაამახსოვრდა. ბრაზილიელი ლეგენდის თქმით, ის არ ნანობს და კმაყოფილიც კი არის, მისმა დარტყმულმა რომ მიზანს ვერ მიაღწია.
„ის მომენტი ჩვენს შორის მეგობრობის დასაწყისი იყო“, – განაცხადა 78 წლის ფეხბურთის მეფემ. – „როდესაც ერთმანეთს ვხვდებოდით, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სულ ერთად ვიყავით. იძინე მშვიდად, ჩემო მეგობარო. ჰო, შენ სასწაულებრივი მეკარე იყავი, მაგრამ, რაც უფრო მთავარია – არაჩეულებრივი ადამიანი“.
საკლუბო დონეზე გორდონ ბენკსი ჩესტერფილდში, სტოუკსა და ლესტერში თამაშობდა. საინტერესოა, რომ ინგლისის ჩემპიონი ის არასოდეს გამხდარა.