„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ - სახალხო დამცველის ჩარევით, ზვიად დევდარიანის მიერ ქალებზე სექსუალური ძალადობის ფაქტები დადასტურდა
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სიდა-ს ყოფილი ხელმძღვანელის ზვიად დევდარიანის მიერ ქალებზე სექსუალური ძალადობის ფაქტები დასტურდება. ამ თემაზე მათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საკითხზე სახალხო დამცველის აპარატს მიმართეს, რომელმაც ხუთი ქალის საქმე შეისწავლა. აქედან სამზე ომბუდსმენის აპარატი ამბობს, რომ არსებული ინფორმაცია დადასტურდა. რაც შეეხება დანარჩენ ორ ქალს, ხანდაზმულობის გამო, მტკიცებულებების მოძიება ვერ მოხერხდა.
არასამთავრობოები ვარაუდობენ, რომ ამ ორ ფაქტთან დაკავშირებით დევდარიანი გააკეთებს განცხადებას, რომ ომბუდსმენმა მისი ბრალეულობა ვერ დაადასტურა.
„სწორედ ის ფაქტები, რაზეც ქალები საუბრობდნენ რამდენიმე თვის წინ, დღეს სახალხო დამცველმა დაადასტურა და თქვა, რომ სახეზე იყო სექსუალური შევიწროება ზვიად დევდარიანის მხრიდან. რაც შეეხება მთავარ პრობლემას, ჩვენი შეფასებით, ქვეყანაში მთავარი პრობლემა არ არის ის სახელი და გვარი, რომელმაც შეიძლება კონკრეტულ შემთხვევებში ქალები შეავიწროვა. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში ქალების და ზოგადად იმ ადამიანების დამცავი კანონმდებლობა, რომლებიც შეიძლება გახდნენ სექსუალური შევიწროების მსხვერპლები, არ არსებობს“, – განაცხადა ანა აბაშიძემ.
ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებმა სიდა-ს ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. ამ ბრალდების შემდეგ, დევდარიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდან კანდიდატურა მოხსნა და სიდა-ს ხელმძღვანელის თანამდებობაც დატოვა. ამასთან, ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ადევნების მუხლით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ზვიად დევდარიანის საქმეზე 10-მდე პირმა გამოძიებას მათ მიმართ შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.