„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე - მეეჭვება, ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციარების გამოყვანასთან დაკავშირებით საპატრიარქოს საჩივარი სასამართლომ დასაშვებად ცნოს
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე - მეეჭვება, ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციარების გამოყვანასთან დაკავშირებით საპატრიარქოს საჩივარი სასამართლომ დასაშვებად ცნოს

განჩინება, რომელიც სასამართლომ მიიღო, მიემართება ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე ზრუნვის სააგენტოს და არა საპატრიარქოს. აქედან გამომდინარე, საკმაოდ საეჭვოა, საპატრიარქოს საჩივარი სასამართლომ დასაშვებად ცნოს, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ანა აბაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, პანსიონთან დაკავშირებულ საკითხებზე სასამართლოში გამართულ ნებისმიერ დავას მხოლოდ და მხოლოდ მიესალმებიან.

როგორც აბაშიძე ამბობს, სასამართლო არის ერთადერთი ადგილი, სადაც დავები უნდა წყდებოდეს.

„თუმცა ნებისმიერ დავას, რომელიც პანსიონის ირგვლივ დატრიალებულ ამბავთან დაკავშირებით სასამართლოში წარიმართება, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, რადგან სასამართლო არის ერთადერთი ადგილი, სადაც უნდა წყდებოდეს დისკუსიები, დავები და არა ქუჩა, ეკლესია და ცალკეული ადგილები. ამიტომ, ეჭვი მაქვს, საერთოდ არ მიიღებს სასამართლო მათ საჩივარს, თუმცა ასეც რომ მოხდეს, ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვიქნებით, რადგან დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთი ინსტანცია იტყვის იმავეს, რაც თქვა პირველი ინსტანციის სასამართლომ. არავინ მეგულება საღად მოაზროვნე, რომელიც არ გაიმეორებს იმავეს, რაც თქვა პირველი ინსტანციის სასამართლომ“, – განაცხადა ანა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალათ ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები შშმ ბავშვების სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაყვანა.

საპატრიარქოში კი აცხადებენ, რომ ბავშვებთან დაკავშირებით სასამართლომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიიღო და პანსიონიდან ბენეფიციარების გამოყვანაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას მომავალ კვირაში გაასაჩივრებენ.