ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციარების გამოყვანასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას საპატრიარქო მომავალ კვირაში გაასაჩივრებს 
ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციარების გამოყვანასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას საპატრიარქო მომავალ კვირაში გაასაჩივრებს 

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა აცხადებს, რომ ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები შშმ პირების გამოყვანისას სოცმუშაკებს და ფსიქოლოგებს გარკვეული ძალისხმევა დასჭირდათ, რომ ისინი გადასვლაში დაერწმუნებინათ.

როგორც ქარჩავა განმარტავს, საუბარია ექვს შშმ პირზე, რომლებსაც სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხოთ. იურისტის განცხადებით, სწორედ ამიტომ მიაჩნიათ, რომ ამ ბავშვებთან დაკავშირებით სასამართლომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიიღო.

„მინდა, ყველას გთხოვოთ, გარკვევით იქნას გაგებული, რომ ჩვენი, საპატრიარქოს თვითმიზანი არ არის რაიმე დოკუმენტის გასაჩივრება, არამედ თავად ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ქალბატონმა თამარმა გარკვევით განმარტა, რომ აუცილებელია, თითოეული ბავშვის მდგომარეობა შესწავლილ იქნას. ჩვენ მიგვაჩნია და ფსიქოლოგებმაც განაცხადეს, რომ გარკვეული ძალისხმევა დასჭირდათ, რათა სასამართლოს გადაწყვეტილება აღესრულებინათ. შშმ პირებს, ექვს ბავშვს, რომელზეც სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, სოცმუშაკებს და ფსიქოლოგებს გარკვეული ძალისხმევა დასჭირდათ, რომ გადასვლაში დაერწმუნებინათ, ანუ მათ გადასვლა არ უნდოდათ. პრიორიტეტი ისაა რომ, ბავშვს თუ გადასვლა არ უნდა, არ შეიძლება, იძულებით რაიმე ღონისძიება განხორციელდეს. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიიღო, ისე რომ სოცმუშაკების მიერ გაკეთებული დასკვნა არ მიიღო წარმოებაში და არ შეაფასა ეს მდგომარეობა“, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

ედიშერ ქარჩავა აცხადებს, რომ ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ პირების გამოყვანასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას მომავალ კვირაში გაასაჩივრებენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებას დიდი ალბათობით, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, გავასაჩივრებთ. საპატრიარქოს ინფორმაცია მის მიერ დაქვემდებარებულ დაწესებულებასთან დაკავშირებით ჰქონდა და რეაგირება სწორედ რომ წლების წინ მოჰყვა. სააპატრიარქოსა და სოცმუშაკების ერთობლივი მუშაობის შედეგია, რომ არაფერი დამალულა, გამოძიებისათვის შესაბამის ორგანოებს გადაეცა და განხორციელდა ადმინისტრაციულ გადაცდომასთან დაკავშირებული რეაგირება. აღნიშნული საქმეები გამოძიებაში რომ ოთხი წელია, ეს ცნობილი იყო სახალხო დამცველისთვისაც, სოცმუშაკებისთვისაც და ყველა სხვა უწყებისთვისაც. ამიტომ რატომ მაინცდამაინც დღეს დაიწყო ასეთი აჟიოტაჟი, ჩემთვის გაუგებარია. ახლა გარკვეული მტკიცებულების მოპოვება მიმდინარეობს. ვაპირებთ, იმ კვირას ვინაიდან 10-დღიანი ვადა გვაქვს, გავასაჩივროთ. მეუფე სპირიდონი საპატრიარქოში ბრძანდებოდა და მასთან აღნიშნულ საკითხებზე საუბარი გვქონდა. მეუფე მზადაა რომ, საპატრიარქომ განახორციელოს მისი უფლებამოსილება და ხელი არ შეუშალოს არანაირ პროცესს“, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალათ ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები შშმ ბავშვების სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაყვანა.