პარლამენტთან ინციდენტის საქმეზე, ზუკა ბერძენიშვილი პროკურატურისგან დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს
მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ ერთ-ერთი წარმომადგენელი ზუკა ბერძენიშვილი დაზარალებულის სტატუსის მოთხოვნით გენერალურ პროკურორს მიმართავს. ბერძენიშვილმა შესაბამისი განცხადება პროკურატურას ჩააბარა.
საქმე ეხება მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, პარლამენტის შენობასთან მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც სამოქალაქო მოძრაობის წევრებსა და პარლამენტის დეპუტატს, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ემზარ კვიციანს შორის დაპირისპირება მოხდა.
ბერძენიშვილი ამბობს, რომ დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას ინციდენტის ამსახველი მასალა შემთხვევის დღესვე ჩააბარა.
„უშუალოდ კვიციანისგან დავზარალდი, მისგან პოლიციელებიც დაზარალდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავებისთვის არ არის კომფორტული, მათ თვალწინ ხდებოდეს კანონდარღვევა და ისინი არა კანონის მიხედვით მოქმედებდნენ, არამედ ელოდნენ, რას ეტყვის უფროსის უფროსი, რომ ვინმეს პოლიტიკურ ზედა ეშელონებში რამე არ ეწყინოს. ამ საქმეს აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რადგან დეპუტატის მანდატის და ივანიშვილის კეთილგანწყობის ქვეშ მყოფი ემზარ კვიციანი იქცევა ისე, რომ მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ზუკა ბერძენიშვილმა.
ზუკა ბერძენიშვილის ინტერესებს ადვოკატი ბექა ბასილაია იცავს.