ოთარ კახიძე - ალეკო ელისაშვილი არის არა მხოლოდ პოპულისტი, არამედ ჩვეულებრივი აფერისტი და უსინდისო პოლიტიკოსი
ოთარ კახიძე - ალეკო ელისაშვილი არის არა მხოლოდ პოპულისტი, არამედ ჩვეულებრივი აფერისტი და უსინდისო პოლიტიკოსი

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს აფერისტსა და უსინდისო პოლიტიკოსს უწოდებს.

ოთარ კახიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ „საზოგადოება უნდა იცნობდეს თავის „გმირებს“, რომლებიც სინამდვილეში „ბანალური პოლიტიკური თაღლითები არიან“.

„კომიკურია, ელისაშვილი რომ „გულწრფელ“ და „სინდის-ნამუსიან“ ტიპად ცდილობს პოზიციონირებას. სასაცილოა უბრალოდ. სინამდვილეში, ის არის არა მხოლოდ პოპულისტი, არამედ ჩვეულებრივი აფერისტი და უსინდისო პოლიტიკოსი.

შარშან, მთაწმინდის არჩევნების წინ შეხვედრის ინიციატივით გამოვიდა, მე და გიგა შევხვდით საერთო მეგობრის სახლში, თვითონ ლევან იოსელიანთან ერთად მოვიდა. ჩვენ ჯერ არ ვიყავით მთაწმინდის მაჟორიტარ კანდიდატზე ჩამოყალიბებული. ელისაშვილმა გვთხოვა მხარდაჭერა, რისთვისაც ჩვენ გამოვთქვით კონსულტაციებზე მზადყოფნა, თუ თვითონ იყრიდა კენჭს – ცნობადობიდან და მერის არჩევნების შედეგიდან გამომდინარე.

მან გვითხრა, რომ თვითონ არ აპირებდა დადგომას (ალბათ წაგების ეშინოდა) და მის მეგობარს, ლევან იოსელიანს ასახელებდა (პირველად ვნახე იმ შეხვედრაზე). მაშინ ჩვენ ვუთხარით, რომ შალვა შავგულიძის დაყენებას განვიხილავდით და თუ ასე გადაწყდებოდა, მეორე ტურში რომლის კანდიდატიც გავიდოდა, იმას დავუჭერდით მხარს. შევთანხმდით და ხელი ჩამოვართვით.

მორჩა პირველი ტური, ჩვენმა კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ აიღო 36 %, მისმა მეგობარმა იოსელიანმა – ექვსჯერ ნაკლები. და როგორ მოიქცა ელისაშვილი? როგორ და კაცურად ნათქვამი სიტყვა, ძარღვი არ ატოკებია, ისე გადათქვა და შავგულიძეს მხარი არ დაუჭირა – ეგო ბოკერიას პარტნიორიაო. როგორც ჩანს, მხარდაჭერას როცა ითხოვდა, მაშინ არ ანაღვლებდა ეს ამბავი.

ჩემ გაოცებას ის დაემატა, რომ საერთოდ უარყო მეორე ტურში ერთმანეთის მხარდაჭერის პირობა, არ ყოფილა ეგრეო – ასე უსირცხვილოდ და უნამუსოდ. ჩვენი საერთო მეგობარი, რომლის სახლშიც სიტყვა ვთქვით და სიმბოლურად ჭიქაც მივაჭახუნეთ (თან ქალაქელობასა და ყარაჩოხელობაზეც რომ დებს თავს) – ასევე გაოცებული დარჩა. ასეთ ლარნახევრიან ტყუილს რომ პოლიტიკოსი იკადრებს, მისი ნდობა არ შეიძლება.

ახლა რომ იყო მოლაპარაკებები თბილისში საერთო კანდიდატებზე – სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ოპოზიციური შეთანხმება მიღწეულიყო. მოლაპარაკების დროს ორი ადგილი მოითხოვა, ერთი თავისთვის, რაზეც ყველა დაეთანხმა და მეორე ისევ ლევან იოსელიანისთვის. ჩვენებმა უთხრეს, რომ მოენახა საზოგადოებისთვის ცნობილი და წონადი კანდიდატი მის ნაცვლად და განვიხილავდით მეორე ოლქშიც საერთო მაჟორიტარად მხარდაჭერას.

იოსელიანისთვის მეორე ადგილი რომ ვერ გამოივაჭრა, თავს დაგვესხა და ტალახის სროლა დაიწყო – გული ერევა თურმე მოლაპარაკებებზე. ახლა მთაწმინდაზეც და ისანშიც ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატების წინააღმდეგ გამოდის და თავს გვესხმის, რაც პირდაპირ ივანიშვილის თამაშია. საზოგადოება უნდა იცნობდეს თავის „გმირებს“, ზოგჯერ ვითომ „ჯიგარი“ და „ალალი“ ტიპები სინამდვილეში ბანალური პოლიტიკური თაღლითები არიან“, – წერს ოთარ კახიძე.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილი ერთობიდან გავიდა და ძალიან წუხს, რომ მისი საუბრის დიდი ნაწილი ეთმობა ოპოზიციის და არა „ქართული ოცნების“ ლანძღვას. მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილი საკუთარ ცხვირზე უფრო შორს ვერ იყურება.

საპასუხოდ, ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ „ცხვირის ზომას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, გიგი უგულავასავით ფულის მოპარვაში არ ჩაყო ცხვირი“.

ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ალეკო ელისაშვილი და გიგა ბოკერიაც, რომელმაც ელისაშვილს უსინდისო უწოდა.

დატოვე კომენტარი