ალეკო ელისაშვილი - ცხვირის ზომას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, გიგი უგულავასავით ფულის მოპარვაში არ ჩაყო ცხვირი
ალეკო ელისაშვილი - ცხვირის ზომას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, გიგი უგულავასავით ფულის მოპარვაში არ ჩაყო ცხვირი

მთავარია, გიგი უგულავასავით ფულის მოპარვაში არ ჩაყო ცხვირი, თორემ ცხვირის ზომას არ აქვს მნიშვნელობა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით მან „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგი უგულავას უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ „ალეკო ელისაშვილი საკუთარ ცხვირზე უფრო შორს ვერ იყურება“.

„რა მაგარი რაღაც თქვა – იმხელა ცხვირი აქვს, რომ თავისი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავსო. დიდი ცხვირი არ არის პრობლემა და ვიცი, რომ ძალიან დიდი ცხვირი მაქვს. მთავარია, ფულის მოპარვაში არ ჩაყო ის ცხვირი გიგი უგულავასავით. ეს არის მთავარი, თორემ ცხვირის ზომას არ აქვს მნიშვნელობა. მდაბიოობაა, ადამიანის ფიზიკურობაზე როდესაც მიანიშნებ, მერვე კლასიდან ვიცი, რომ დიდი ცხვირი მაქვს, როცა გამეზარდა, მას შემდეგ, მაგრამ მექრთამე უგულავასგან ასეთი მდაბიური საქციელი არ მიკვირს.

მე რა მინდა დავამკვიდრო პოლიტიკაში – რაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში მიუღებელი და სამარცხვინოა, ის მით უფრო სამარცხვინო უნდა იყოს პოლიტიკაში. როდესაც, მთხოვ, შემხვდი, როდესაც მწერ, მირეკავ, მის თანაგუნდელებს ვგულისხმობ, რომ იქნებ შევთანხმდეთ, მაჟორიტარებზე გვინდა შენი აზრი გავიგოთ, როდესაც მხვდები და ჩემი აზრი გაინტერესებს, მერე ამაზე რატომ ჭორაობ და რატომ გამოგაქვს?! მაჟორიტარებთან დაკავშირებით ძალიან ბევრ პოლიტიკოსთან მქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ჯერ კიდევ ლიკანში ეკა გიგაურის ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეგვკრიბა და იქაც გვქონდა ამასთან დაკავშირებით საუბარი. ლაპარაკს ვინ დამიშლის, მით უმეტეს, როცა შენ მთხოვ და შენი ინიციატივითაა შეხვედრა, მერე ამაზე ჭორაობა პოლიტიკოსოობაა, კაცობაა, ადამიანობაა, მოქალაქეობაა?! ეს არის გულისამრევი და ამას აკეთებენ, ამით არიან დაკავებულები.

არავის არაფერზე არ ვევაჭრებოდი. ღმერთმა დამიფაროს, გიგი უგულავას რაიმე ვევაჭრო. რაოდენობასთან დაკავშირებით ვთქვი, რომ ჩვენი რესურსიდან გამომდინარე, სულ მცირე, ორ ოლქს მოვიგებთ, როგორც ვხედავთ-მეთქი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

გიგი უგულავას განცხადებით, ალეკო ელისაშვილს უნდა ესმოდეს, რომ რაც არ უნდა ბევრი ილაპარაკოს „ქართული ოცნების“ მავნებლობაზე, როგორც კი ოპოზიციის ლანძღვას დაიწყებს, მედიის ჰედლაინები იქნება ოპოზიციის ლანძღვაზე, რადგან ოპოზიციას წარმოადგენს.

„ალეკო ელისაშვილი გავიდა ერთობიდან და ძალიან ვწუხვარ, რომ მისი საუბრის დიდი ნაწილი ეთმობა ოპოზიციის და არა „ქართული ოცნების“ ლანძღვას“, – განაცხადა უგულავამ.