ორი ვარიანტი ოქრიაშვილზე - თორნიკეს კუნძულზე ორი კლუბი იწვევს, მაგრამ კვიპროსში დარჩენა არ სურს #1TVSPORT
კვიპროსული გამოცემა „ფილენიუს“ (Philenews) ამტკიცებს, რომ საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ქართველ ნახევარმცველს, თორნიკე ოქრიაშვილს კვიპროსის ორი წამყვანი კლუბი იწვევს.
„ორი გუნდი ოქრიაშვილისთვის – კვიპროსის ორი გუნდი მიზნად თორნიკე ოქრიაშვილის დამატებას ისახავს. როგორც შევიტყვეთ, ორივე გუნდი კვიპროსის ჩემპიონატში წამყვან როლს თამაშობს. რა თქმა უნდა, „ანორთოსისს“ თავის წინადადება ექნება და ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ ფამგუსტას გუნდში ქართველი შემტევი დარჩეს, მაგრამ საკითხავი ისაა, მას კვიპროსში დარჩენა თუ სურს. დანამდვილებით შეიძლება ითქვას მხოლოდ ის, რომ ოქრიაშვილი ევროპაში ისეთი გუნდის მოძებნას ცდილობს, რომელიც მას ორწლიან კონტრაქტს გაუფორმებს და „ანორთოსისთან“ შედარებით ორმაგ ხელფასს გადაუხდის,“ – წერს გამოცემა.
„ბალა“ (Balla.com.cy) კი ამტკიცებს, რომ ოქრიაშვილი კვიპროსზე არანაირ შემთხვევაში არ დარჩება:
„სიმართლე ისაა, რომ თორნიკე ოქრიაშვილი თავისუფალი აგენტი გახდება და არ სურს, რომ „ანორთოსისში“ დარჩეს. ტყუილია, რომ მან მიიღო წინადადება კვიპროსის კიდევ ერთი დიდი გუნდისგან, რომელის წელიწადში 300 ათას ევროს სთავაზობს. ჩვენ ოქრიაშვილის საკითხი შევისწავლეთ და დავადგინეთ, რომ მას არც მსგავსი წინადადება არ ჰქონია და რაც მთავარია, დარჩენა თავადაც არ სურს. ქართველი კვიპროსში „ანორთოსისის“ გარდა სხვა გუნდში არ ითამაშებს“.