ორი ტიტული ქართველი ლეგიონერებისგან - ხოჭოლავა ჩემპიონია, ვოლკოვი - თასის მფლობელი
დათა ხოჭოლავამ უკრაინის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა – პრემიერლიგის ფინიშამდე სამი ტურით ადრე, დონბასელებმა გასვლაზე ლუგანსკის „ზორია“ 1:0 დაამარცხეს და უკრაინის ჩემპიონობა ვადამდე გაინაღდეს – დონეცკელები 11 ქულით უსწრებენ კიევის „დინამოს“, რომელიც ვეღარ დაეწევა.
საქართველოს ნაკრების მცველი „შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. 15 მაისს ხოჭოლავა „შახტარში“ უკრაინის თასის მფლობელიც გახდა და სეზონი ორი ტიტულით დაასრულა. ეს 25 წლის ქართველი მცველის კარიერაში საუკეთესო სეზონია. აღსანიშნავია, რომ ხოჭოლავასთვის ეს მეორე ჩემპიონობაა, თასიც ასევე ორჯერ აწია, მაგრამ „შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ წელს ათამაშდა. ის „შახტარში“ 2018 წელს უკრაინის სუპერთასის გამარჯვებულიც არის ანუ ყველა მნიშვნელოვანი ტიტულის მფლობელია.
აზერბაიჯანის თასის მფლობელი კი საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ გაზრდილი დავით ვოლკოვი გახდა. ფინალში 23 წლის თავდამსხმელის გუნდი „გაბალა“ „სუმგაითს“ დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. ვოლკოვი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ვოლკოვი პირველად თასს 2015 წელს თბილისის „დინამოში“ თამაშის დროს დაეუფლა.