მიმდინარე კვირას, ქალთა პროფესიულ ტურში ორი ტურნირი იმართება და ერთ-ერთს ტაივანი მასპინძლობს. იქ წყვილთა თანრიგში თამაშობს ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა. მისი მეწყვილე იაპონელი ნაო ჰიბინოა და ქართულ-იაპონურმა დუეტმა უკვე მოასწრო ნახევარფინალში გასვლა.
პირველ წრეში ჰიბინომ და კალაშნიკოვამ ყაზახი ჩოგბურთელების – ზარინა დიასისა და იულია პუტინცევას დუეტი გაანადგურეს – 6:2, 6:1. ასევე ძალიან იოლად დაამარცხეს მათ შვედი კორნელია ლისტერი და ავსტრალიელი არინა როდიონოვა – 6:2, 6:2.
ნახევარფინალში კალაშნიკოვასა და ჰიბინოს სერიოზული გამოცდა ელოდებათ. მათი მეტოქე პირველ ნომრად განთესილი უნგრულ-ტაივანური წყვილია ტიმეა ბაბოშისა და ჰაო-ჩინ ჩანის შემადგენლობით. მატჩი შაბათს, თბილისის დროით 09:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, ტიმეა ბაბოშმა ცოტა ხნის წინ, ავსტრალიის ღია პირველობის წყვილთა ტურნირი მოიგო ფრანგ კრისტინა მლადენოვიჩთან ერთად, მიქსტში კი ინდოელ ბოპანასთან ერთად ფინალამდე მიაღწია.