ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ გერმანიის ქალაქ შტუტგარტში WTA-ის „პრემიერ“ კატეგორიის ტურნირის (პორშეს გრანპრი) ნახევარფინალში გააღწია.
კალაშნიკოვა რუს ანა ბლინკოვასთან ერთად წყვილთა ტურნირზე გამოდის. ქართულ-რუსულმა დუეტმა მეოთხედფინალში სამსეტიან ბრძოლაში დაამარცხა ხორვატი დარია იურაკისა და გამოცდილი რუმინელის რალუკა-იოანა ოლარუს წყვილი – 3:6, 6:2, 10:8.
ორივე წყვილს ბრეიკ-პოინტებისა (6) და ბრეიკების (3) იდენტური მაჩვენებლები ჰქონდა. ყველაფერი მესამე სეტში, საჩემპიონო ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, რომელიც ძალიან დრამატული გამოვიდა. თავიდან კალაშნიკოვა და ბლინკოვა 6:1 დაწინაურდნენ, მაგრამ ზედიზედ ექვსი ქულა წააგეს და 6:7 ჩამორჩნენ. თუმცა, ამას მათი მხრიდან ზედიზედ სამი აღებული ქულა მოჰყვა და 9:7-ზე ორმაგი მატჩბოლი მიიღეს, რომელიც მეორე ცდაზე გამოიყენეს.
ფინალში გასასვლელად კალაშნიკოვასა და ბლინკოვას გაცილებით რთული მეტოქეები ეყოლებათ – ჩეხი ლუსი საფაროვა და რუსი ანასტასია პავლიუჩენკოვა.