ოლიმპიური ლიცენზიის მქონე სპორტსმენებს 2021 წლისთვის შერჩევის თავიდან გავლა არ მოუწევთ
სპორტსმენებმა, რომლებმაც წარმატებით გადალახეს 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის კვალიფიკაცია, აღარ გაივლიან ახალ შესარჩევს 2021 წლისთვის.
ასეთი გადაწყვეტილება ხუთშაბათს მიიღო საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სხვადასხვა სპორტის სახეობის 32 ფედერაციის ხელმძღვანელთან ონლაინ-შეხვედრის დროს.
„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა, თავდაპირველად, გაახმოვანა თამაშების გადადების მიზეზები, შემდეგ კი თქვა, რომ ოლიმპიადაზე მოხვედრილი სპორტსმენები ავტომატურად მიიღებენ საგზურს 2021 წლის თამაშებზე.
ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო თავად საკვალიფიკაციო ტურნირების ორგანიზაცია. ზოგიერთ სპორტის სახეობაში სპორტსმენებს ჯერ არ გაუთამაშებიათ ოლიმპიური ლიცენზიები და ტურნირების ორგანიზებისთვის საჭირო იქნება მინიმუმ სამი თვე“, – თქვა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ.
შეგახსენებთ, რომ 24 მარტს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ერთი წლით გადადო ტოკიოს ზაფხულის თამაშები.