ოფიციალურად - იკერ კასილიასმა კარიერა დაასრულა
ოფიციალურად - იკერ კასილიასმა კარიერა დაასრულა

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მეკარემ, იკერ კასილიასმა ოფიციალურად გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ.

„უფრო მნიშვნელოვანია გზა, რომლითაც თქვენ მოძრაობთ, აგრეთვე, ადამიანები, რომლებიც ამ დროს თქვენ გვერდით არიან და ნაკლები მნიშვნელობა აქვს საბოლოო დანიშნულების ადგილს. ვფიქრობ, ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ჩემი ოცნების გზა და საბოლოო დანიშნულების ადგილი“, – დაწერა ტვიტერის საკუთარ გვერდზე ლეგენდარულმა მეკარემ.

ფეხბურთის გარეშე კასილიასი წელიწადზე მეტხანს რჩებოდა. თავისი ბოლო მატჩი მან 2019 წლის 26 აპრილს ჩაატარა, როცა „პორტუ“ „რიუ ავეს“ შეხვდა. მომდევნო თვეში მან ვარჯიშის დროს გულის შეტევა მიიღო და ოპერაცია გადაიტანა.

მიუხედავად ამისა, კასილიასი კარიერის დასრულებას არ ჩქარობდა. ახალ სეზონზე ის „პორტუს“ განაცხადში იყო და პორტუგალიის ჩემპიონიც გახდა, თუმცა „დრაკონების“ რიგებში წუთიც არ უთამაშია.

იკერ კასილიასის ტიტულების ჩამონათვალი:

ესპანეთის ჩემპიონი – 5

ესპანეთის თასი – 2

ესპანეთის სუპერთასი – 4

ჩემპიონთა ლიგა – 3

უეფა-ს სუპერთასი – 2

კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონი – 3

პორტუგალიის ჩემპიონი – 2

პორტუგალიის თასი – 1

პორტუგალიის სუპერთასი – 4

მსოფლიო ჩემპიონი – 1

ევროპის ჩემპიონი – 2