იკერ კასილიასმა „პორტუს“ დატოვება გადაწყვიტა
იკერ კასილიასმა „პორტუს“ დატოვება გადაწყვიტა

პორტუგალიური გრანდის, „პორტუს“ მეკარემ, იკერ კასილიასმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბის დატოვება გადაწყვიტა, – წერს ესპანური გაზეთი AS.

ვეტერანმა ოქტომბრის დასაწყისიდან მოყოლებული დაკარგა ადგილი „პორტუს“ ძირითად შემადგენლობაში, რაც კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, სერჟიო კონსეისაომ „ვარჯიშებზე ცუდი მუშაობით“ ახსნა.

პრესაში არსებობს მოსაზრება, რომ „პორტუმ“ შეგნებულად მიიღო კასილიასის თადარიგში გადაყვანის გადაწყვეტილება – ამით ფეხბურთელი ზამთარში წასვლას მოისურვებდა და კლუბი სახელფასო ბიუჯეტს განტვირთავდა.

36 წლის კასილიასი „პორტუს“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. ის წელიწადში 7.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

AS-ისთვის ცნობილი გახდა, რომ კასილიასით დაინტერესება უკვე გამოთქვა რაფა ბენიტესმა, რომელიც „ნიუკასლის“ მთავარი მწვრთნელია. საინტერესოა, რომ 2015 წლის ზაფხულში ლეგენდარულმა მეკარემ მაშინვე დატოვა „რეალი“, როგორც კი იქ ბენიტესი მივიდა.