ნურსულთან ნაზარბაევს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობზე ყაზახეთის მოქმედი პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი შეცვლის
ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობზე მოქმედი პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი შეცვლის. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ცოტა ხნის წინ ტელემიმართვისას განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისის“ რუსული სამსახური ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა ნურსულთან ნაზარბაევის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა იყო, რომელიც მან 2019 წელს, პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შემდეგ შეინარჩუნა. ის ასევე იკავებს მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას და აქვს „ერის მამის“ საპატიო ტიტული. ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთის პრეზიდენტის თანამდებობას 30 წლის განმავლობაში იკავებდა.
ამას გარდა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ტელემიმართვისას განაცხადა, რომ ყაზახეთის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს, „რაც არ უნდა მოხდეს“.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში ის ყაზახეთის პოლიტიკურ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით ახალი წინადადებით გამოვა.
ამასთან, პრეზიდენტის ინფორმაციით, არეულობის დროს ქვეყანაში მოკლულნი არიან სამართალდამცველები.
როგორც თოყაევმა აღნიშნა, ხელისუფლება სამართალდამრღვევების წინააღმდეგ მაქსიმალურად მკაცრად იმოქმედებს. მან საპროტესტო აქციების მონაწილეებს „შეთქმულების მონაწილეები“ უწოდა.