ნორმანდიული სამიტის დღეს, აღმოსავლეთ უკრაინაში სამი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა
ნორმანდიული სამიტის დღეს, აღმოსავლეთ უკრაინაში სამი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

ნორმანდიული სამიტის გამართვის დღეს, 9 დეკემბერს აღმოსავლეთ უკრაინაში სამი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბში განაცხადეს. შტაბში აღნიშნავენ, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შვიდჯერ დაარღვიეს. სამი სამხედრო მოსამსახურე დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად გარდაიცვალა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, მოწინააღმდეგე მხარემ გახსნა ცეცხლი სხვადასხვა ტიპის იარაღიდან, მათ შორის ნაღმმტყორცნიდან და ტყვიამფრქვევიდან.

ნორმანდიული ოთხეულის სამიტი პარიზში 9 დეკემბერს გაიმართა. უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების მოლაპარაკებებთან ერთად გაიმართა ორმხრივი შეხვედრებიც, მათ შორის შედგა პირველი შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის.

გაერთიანებული ოპერაციის შტაბში აღნიშნავენ, რომ 10 დეკემბერის დილიდან სეპარატისტთა შეიარაღებულ დაჯგუფებებს სამხედრო აქტივობა არ ჰქონიათ.