ნორმანდიულ სამიტზე ლიდერები სამ საკითხზე, მათ შორის აღმოსავლეთ უკრაინაში წლის ბოლომდე ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ნორმანდიულ სამიტზე ლიდერები სამ საკითხზე, მათ შორის აღმოსავლეთ უკრაინაში წლის ბოლომდე ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

უკრაინის საკითხზე ნორმანდიული სამიტის დასკვნით კომუნიკეში ლიდერები სამ საკითზე შეთანხმდნენ. მათ შორის არის კონფლიქტის ზონაში ვითარების სტაბილიზაციისთვის ზომების დაუყოვნებლივ მიღება, მინსკის შეთანხმების პოლიტიკური პირობების რეალიზაციისთვის ზომების მიღება და გაგრძელება.

მხარეები შეთანხმდნენ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე წლის ბოლომდე ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე.

კომუნიკეში დონბასთან მიმართებით მინსკის შეთანხმება საბაზისო დოკუმენტად რჩება. მხარეები მის სრულ იმპლემენტაციას მხარს უჭერენ.

სამიტის დასასრულს ერთობლივ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა.

„ჩვენი შეხვედრა უმაღლეს დონეზე, ერთობლივი ძალისხმევით გვაძლევს შესაძლებლობას, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის და იმ საშინელი ომის დასასრულებლად, რომელსაც ამდენი მსხვერპლი მოჰყვა და ევროპის შუაგულში ღია ჭრილობად რჩება. ევროპის კონტინენტის სტაბილურობა, უსაფრთხოებისა და ნდობის ახალი არქიტექტურის შენება უკრაინის კრიზისის გადაჭრასა და მინსკის პროტოკოლზე გადის“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მისივე თქმით, ასევე ისაუბრეს იმ სამუშაოზე, რომლის ფარგლებშიც ქვეყნების მინისტრები მუშაობენ ადგილობრივი არჩევნებისთვის უსაფრთხო პოლიტიკური პირობების შექმნაზე. მაკრონის თქმით, ეს იქნება მიზანი მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში ახალი ნორმანდიული სამიტისთვის.

მხარეები შეთანხმდნენ, მიჰყვნენ ე.წ. შტაინმაიერის ფორმულას. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, მხარეები დონბასში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმაზე შეთანხმდნენ.

„ჩვენ განვიხილეთ ზომების პაკეტი, რომელთა მიღებაც აუცილებელია მინსკის შეთანხმების მიხედვით. ასევე, ეუთო-მ უნდა უზრუნველყოს ამ მექანიზმის მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, აუცილებელია მუშაობის გაგრძელება, სწორედ ამიტომ, შევთანხმდით, რომ უახლოესი ოთხი თვის განმავლობაში ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრები და მრჩევლები განიხილავენ პოლიტიკურ პირობებს და უსაფრთხოების საკითხებს, რომელიც საჭიროა ადგილობრივი არჩევნების ჩასატარებლად. ჩვენ განვიხილეთ შტაინმაიერის ფორმულის იმპლემენტაცია. ეს ფორმულა საკმაოდ საინტერესოა, რადგან გერმანიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე წარადგინა ზომები იმპლემენტაციისთვის, რათა განსაკუთრებული სტატუსი უზრუნველყოფილი ყოფილიყო ზოგიერთი რაიონისთვის და ეს პრინციპში არის ის, რაც დავამატეთ მინსკის შეთანხმებას. ეს მიიღო უკრაინამ და ამას დაეთანხმა რუსეთი“, – აღნიშნა ანგელა მერკელმა.