ნორმანდიული სამიტის წინ, კიევში, ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა
ნორმანდიული სამიტის წინ, კიევში, ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა. მაიდანზე აქციის ორგანიზატორები იყვნენ პარტიები: „ევროპული სოლიდარობა“, „ბატკივშინა“ და „ხმა“.
დემონსტრანტებმა უკრაინის პრეზიდენტისგან, ვლადიმირ ზელენსკისგან მოითხოვეს, რომ ე.წ. წითელი ხაზები არ გადაკვეთოს. კერძოდ, აქციის მონაწილეებმა პარიზში დაგეგმილი სამიტის წინ პრეზიდენტს მოუწოდეს, არ წავიდეს დათმობებზე ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური კურსი, ყირიმის დეოკუპაცია, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სასამართლო დავები. ასევე ოპოზიციის მიერ გამართული მიტინგის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ ვლადიმირ ზელენსკი არ დათანხმდეს დონბასში არჩევნების ჩატარებას რუსეთის შეიარაღებული ძალების სრულ გაყვანამდე, უკანონო ფორმირებების განიარაღებამდე და სახელმწიფო საზღვარზე კონტროლის აღდგენამდე.
მაიდანზე დემონსტრაციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მიტინგის დაწყებამდე კიევის ცენტრში შეკრებილებმა დონბასში გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.
აქციის მონაწილეებს სცენიდან მიმართეს უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ და უმაღლესი რადას ყოფილმა სპიკერმა, ანდრეი პარუბიმ. პეტრო პოროშენკომ იმედი გამოთქვა, რომ მათ მოწოდებებს ზელენსკისთან ერთად საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც შეისმენს.
„არ შეიძლება პუტინთან რაიმე დათმობებზე წასვლა, ვიდრე უკრაინული მიწის ბოლო მტკაველი არ გათავისუფლდება“, – განაცხადა პოროშენკომ.
მოგვიანებით, რამდენიმე ათასმა მომიტინგემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფისთან გადაინაცვლა. მათი ნაწილი ამ დრომდე იქ რჩება. უკრაინის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლები დღესაც არის დაგეგმილი.
ნორმანდიული სამიტი პარიზში დღეს გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობენ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.