ნინო ლომჯარია - აქციის დროს კარვების გამოყენება წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით გარანტირებული უფლების ნაწილს 
ნინო ლომჯარია - აქციის დროს კარვების გამოყენება წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით გარანტირებული უფლების ნაწილს 

საპროტესტო აქციის დროს კარვების გამოყენება წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით გარანტირებული უფლების ნაწილს და მისი შეზღუდვა სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს ისევე დასაბუთებული, როგორ ამ უფლებით სარგებლობის შეზღუდვა, – ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით ავრცელებს, რომელსაც დღეს, რუსთაველის გამზირზე კარვის დადგმა სურდა.

ლომჯარიას თქმით, „ჩვენ ქვეყანაში შეკრების და გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი არსებობს და მისი შეზღუდვა მკაცრად გამონაკლის შემთხვევებშია დასაშვები“.

„ჩვენ ქვეყანაში შეკრების და გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი არსებობს. მისი შეზღუდვა მკაცრად გამონაკლის შემთხვევებშია დასაშვები. რაც შეეხება საცხოვრებელ სახლთან შეკრებას, კანონით მხოლოდ მოსამართლეების შემთხვევაში იკრძალება. თუმცა, მიმაჩნია, რომ საჯარო პირის საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო აქციის გამართვის დროს ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ სახლში, რაც ადამიანის პირადი და დაცული სივრცეა, შესაძლოა, იმყოფებოდნენ ბავშვები, ხანდაზმულები, შშმ პირები და ა.შ. რომელთათვისაც აღნიშნული შესაძლებელია, გახდეს დიდი სტრესის საფუძველი. მე ვფიქრობ, რომ პატივი უნდა ვცეთ ადამიანის პირად ცხოვრებას და პირადი სივრცის ხელშეუხებლობას და პროტესტის გამოხატვის დროს გავითვალისწინოთ აღნიშნული გარემოებები.

რაც შეეხება კარვების გაშლას, კვლავ გავიმეორებ, რომ საპროტესტო აქციის დროს კარვების გამოყენება წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით გარანტირებული უფლების ნაწილს და მისი შეზღუდვა სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს ისევე დასაბუთებული, როგორ ამ უფლებით სარგებლობის შეზღუდვა. არსებულ არასწორ პრაქტიკასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელიც აქვს შეტანილი და იმედია, სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნულ საკითხთან მიმართებით განმარტებას გააკეთებს.

მოვუწოდებ, ასევე, შსს-ს, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას უზრუნველყოს ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობა, საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეთა პირადი უსაფრთხოება“,- აცხადებს ნინო ლომჯარია.

სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს პოლიციამ დღეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის უფლება არ მისცა. ​როგორც მაჩალიკაშვილს მთაწმინდა-კრწანისის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსმა, გოგა მემანიშვილმა განუცხადა, აღნიშნულ ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება.

ამასთან, თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისში რუსთაველის გამზირზე ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება არ იგეგემება. როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, მალხაზ მაჩალიკაშვილს აქვს პროტესტის გამოხატვის კანონიერი უფლება, რომელსაც თბილისის მერია ხელს არ შეუშლის.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით,  რადგან მერიის განცხადებით პარლამენტის წინ არაფერი იგეგმება, კარვის დადგმის სრული უფლება აქვთ.

დატოვე კომენტარი