მალხაზ მაჩალიკაშვილი - რადგან მერიის განცხადებით პარლამენტის წინ არაფერი იგეგმება, კარვის დადგმის სრული უფლება გვაქვს
მალხაზ მაჩალიკაშვილი - რადგან მერიის განცხადებით პარლამენტის წინ არაფერი იგეგმება, კარვის დადგმის სრული უფლება გვაქვს

შსს-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მოიტყუეს და პირადად არ გვაძლევდნენ კარვის გაშლის უფლებას, – ამის შესახებ სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, თბილისის მერიასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც პოლიციამ პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის უფლება არ მისცა იმ მიზეზით, თითქოსდა შენობის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იგეგმებოდა, გადაწყვიტა ოფიციალური წერილით მერიისთვის მიემართა. თუმცა მაჩალიკაშვილის განმარტებით, მან დღეს მოისმინა მერიის წარმომადგენლის პოზიცია, რომ რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ ეტაპზე არ იგეგემება.

მალხაზ მაჩალიკაშვილი შსს-ს ტყუილში ადანაშაულებს.

​შევიძინე კარავი, მივიტანე, უნდა დამედგა პარლამენტის წინ, იქ სადაც ამდენი ხნის განმალობაში ეს ჯოჯოხეთი გამოვიარე. იმ წუთას მოცვივდნენ ორნი შსს-დან გამოგზავნილები და ჩამიშალეს კარვის დადგმა. მიზეზი თქვეს, რომ მერიიდან დარეკეს სარეაბილიტაციო სამუშაოებს აპირებენ და ჩვენ არ გვაქვს უფლება გაგაშლევინოთ კარავიო. საბუთი მოვითხოვე და პასუხი არ ქონდათ. საბოლოოდ მერიამ განაცხადა, რომ არანაირი სამუშაოები ამ ტერიტორიაზე არ ტარდებოდა, შსს-ს წარმომადგენლებმა ამის შემდეგ განაცხადეს, რომ და მოიტყუეს და პირადად არ გვაძლევდნენ კარვის გაშლის უფლებას“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. მისივე თქმით, რადგან მერიის განცხადებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია არ იგეგმება, მათ სრული უფლება აქვთ კარვის დადგმის.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატის ქეთი ჩუთლაშვილის განმარტებით, ამჟამად მერიისგან მათ ოფიციალური პასუხის მიღება სურთ, პარლამენტის წინ იგეგმება თუ არა სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„ჩვენ გვაინტერესებს მერიისგან მივიღოთ ოფიციალური პასუხი, ნამდვილად იმართება თუ არა სარეაბილიტაციო სამუშაოები იმ ტერიტორიაზე, რა ვადით იგეგმება და რატომ შეუშლის ხელს ეს სამუშაოები კარვის დადგმას. მიუხედავად იმისა რომ მერის მოადგილემ განაცხადა, რომ არ იგეგმება, ჩვენ მაინც გვჭირდება ოფიციალური დასტური“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც ისინი პასუხს მერიისგან მიღებენ, აპირებენ მიმართონ შსს-ს.

„შემდეგი განცხადებით მივმართავთ შსს-ს და მოვითხოვთ იმ სამართლებრივი საფუძვლის განმარტებას, რის საფუძველზე შეეზღუდა მალხაზ მაჩალიკაშვილს კარვის განთავსების უფლება“, – განაცხადა ადვოკატმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილს პოლიციამ პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის უფლება არ მისცა.