ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი ნიკოლოზ გიგაური კარიერას საბერძნეთში განაგრძობს. 207 სმ სიმაღლის, 17 წლის კალათბურთელი პაოკ-ში ჩაირიცხა და გუნდთან ერთწლიანი ხელშეკრილება გააფორმა.
„საბერძნეთში სინჯებზე დამიძახეს, გუნდთან რამდენიმე ვარჯიში ჩავატარე და დარჩენა შემომთავაზეს. დარბაზთან ახლოს ვიცხოვრებ და პირველ ეტაპზე პაოკ-ის 18 წლამდელთა გუნდში ვითამაშებ“, – გვითხრა ნიკოლოზ გიგაურმა, რომელიც „ორბის“ საკალათბურთო სკოლის აღზრდილია, ბოლო ორი წელი კი „მართვეში“ გაატარა.
მან საკუთარი მიზნებიც გაგვანდო:
„მინდა პაოკ-ის მთავარ გუნდში ვითამაშო. სექტემბრიდან იქ ვივარჯიშებ კიდეც და ვეცდები, თავი მაქსიმალურად კარგად წარმოვაჩინო. როგორც ყველა კალათბურთელის, ჩემი მიზანიც NBA-ში მოხვედრაა. თუმცა ისიც მესმის, რომ ძალიან ბევრი შრომა მჭირდება“.