ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის „მასტერსზე“ გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვერ შეძლო ინდიან უელსის „მასტერსის“ მერვედფინალში გასვლა. მან მესამე წრეში სამ სეტში წააგო ბრიტანელ კემერონ ნორისთან, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 0:3 მარცხდება.
ეს შეხვედრა ინდიან უელსის შარშანდელი ფინალის გამეორება იყო. მაშინ ბასილაშვილმა მოიგო პირველი სეტი, მაგრამ სამ სეტში დამარცხდა. ახლაც, ყველაფერი იგივე სცენარით განვითარდა.
ქართველმა ამჯერადაც შეძლო პირველი პარტიის აღება. ბასილაშვილმა მძლავრი სტარტი აიღო და ბრეიკით 3:0 დაწინაურდა. მართალია, ნორიმ უკუბრეიკი მალე შეასრულა, მაგრამ ამას ნიკას კიდევ ერთი ბრეიკი მოყვა და მან სეტის ბოლომდე შეინარჩუნა უპირატესობა.
მეორე სეტი იგივე სცენარით წარიმართა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჯერ ნორიმ შეასრულა ბრეიკი, შემდეგ ბასილაშვილმა უკუბრეიკი და ბრიტანელმა პარტია მეტოქის მოწოდების აღებით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ქართველს 3:3-ზე ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოიყენა.
როგორც ჩანს, მეორე სეტის წაგებამ ბასილაშვილზე ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედა და მან ვერ შეძლო გადამწყვეტ პარტიაში ნორისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ბრიტანელმა სეტი ზედიზედ ოთხი გეიმის მოგებით დაიწყო და აღარ გასჭირვებია მერვედფინალის საგზურის მოპოვება – 3:6, 6:3, 6:1. შეხვედრა საათი და 44 წუთი გაგრძელდა. სხვათა შორის, შარშანდელ ფინალშიც ნიკამ ბოლო სეტი 1:6 დათმო.