ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფედერიკო ბონდიოლი დაამარცხა და ტრენტოს ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT
იტალიაში, ტრენტოს ტურნირზე წარმატებით თამაშს აგრძელებს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი. ტურნირის მერვედფინალში ბასილაშვილმა იტალიელი ფედერიკო ბონდიოლი ორ სეტში, 7:5, 6:1 დაამარცხა.
ქართველმა ჩოგბურთელმა თამაში აქტიურად დაიწყო და უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა, თუმცა პირველი სეტის შუაში თავისი ჩაწოდება ორჯერ დაკარგა და 5:4-ზე ბონდიოლიმ სეტის მოსაგებად ჩაწოდების უფლება მიიღო. ნიკოლოზმა რთული მომენტი გადალახა და საბოლოოდ სეტი გამარჯვებამდე მიიყვანა.
მეორე სეტში იტალიელ ჩოგბურთელს საკუთარი ჩოგბურთის ჩვენების შანსი აღარ ჰქონია და ბასილაშვილმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ჩაიწერა აქტივში.
ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა რეიტინგში 869-ე პოზიციამდეა დაქვეითებული. მისი საუკეთესო შედეგი კლასიფიკაციაში მე-16 ადგილი იყო.