ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2024 წლის სეზონში პირველი შეხვედრა მოიგო #1TVSPORT
2024 წლის სეზონი გამარჯვებით გახსნა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ლუქსემბურგში, ITF-ის ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიო რეიტინგის 397-ე ნომერი, დანიელი ელმერ მოელერი ორ სეტში, 6:4, 7:5 დაამარცხა.
ბასილაშვილისთვის ეს გამარჯვება პირველია 2023 წლის 29 ოქტომბრის შემდეგ. მაშინ ATP-ის ოცეულის ყოფილმა წევრმა ლიბანელი ჰაბიბი დაამარცხა ბერგამოს ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე.
ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ლუქსემბურგში, თიხაზე მიმდინარე ტურნირის მერვედფინალში ჩეხი იონას ფორეიტეკი იქნება, რომელიც კლასიფიკაციაში 540-ე ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ხელის ტრავმა ჰქონდა, ზაფხულში მან ორი ოპერაცია გაიკეთა და კორტზე ოქტომბერში დაბრუნდა, თუმცა შეხვედრების მოგება ძალიან უჭირდა.
კარიერის მანძილზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ATP-ის კატეგორიის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული, მსოფლიო რეიტინგში კი მისი საუკეთესო ადგილი მე-16 იყო. ამჟამად კლასიფიკაციაში ის 596-ე პოზიციაზეა.