მაიამის „მასტერსზე“ მერვედფინალური ეტაპი ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გახსნა. მისი მეტოქე იყო 18 წლის კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმი, რომელმაც ამ ტურნირზე უკვე ხუთი მატჩის მოგება მოასწრო – გაიარა კვალიფიკაციის ორი რაუნდი, ძირითად ბადეში კი დაამარცხა რუუდი (ნორვეგია), ფუჩოვიჩი (უნგრეთი) და ჰურკაში (პოლონეთი). საერთოდ, ოჟე-ალიასიმს ბოლო 15 მატჩში 11 მოგება ჰქონდა.
ბასილაშვილი თითქმის მთელი პირველი სეტის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას. პირველ, მესამე და მეცხრე გეიმებში მან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ ბრეიკამდე ვერ მივიდა და მხოლოდ მეხუთე ცდაზე შეძლო მეტოქის მოწოდების აღება და 6:5 დაწინაურდა, რითაც სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო. მაგრამ, მე-12 გეიმში ოჟე-ალიასიმმა სეტში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მიიღო, შანსი გამოიყენა და პარტია ტაი-ბრეიკში გადაიყვანა. იქ კი კანადელმა 3:4-დან ზედიზედ ოთხი ქულა აიღო და სეტებში დაწინაურდა.
მეორე სეტი ბასილაშვილისთვის ცუდად დაიწყო. ოჟე-ალიასიმმა პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა. მართალია, მეექვსე გეიმაში ბასილაშვილმა დაიბრუნა დაკარგული მოწოდება, მაგრამ იქვე კანადელმა ისევ აიღო მეტოქის გეიმი და მალე მატჩზე ჩაწოდების უფლებაც მოიპოვა.
18 წლის ჩოგბურთელმა აღარ გაუშვა ხელიდან კარიერაში პირველად „მასტერსის“ სერიის ტურნირის მეოთხედფინალში გასვლის შანსი – 7:6(4), 6:4 საათი და 38 წუთი ბრძოლის შემდეგ. ბასილაშვილი, ამჟამად, ATP-ის „ცოცხალ“ რეიტინგში მე-17 ადგილზეა, რაც მისი კარიერის რეკორდია, მაგრამ მაიამის „მასტერსზე“ შემორჩენილ რამდენიმე ჩოგბურთელს შეუძლია მისი გადასწრება.