საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დღეს კიდევ ერთხელ წარდგება სასამართლოს წინაშე.
სარკოზის 2012 წელს ჩატარებული საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებაში ადანაშაულებენ.
66 წლის სარკოზის საარჩევნო კამპანიის კანონით დაშვებულზე ორჯერ მეტი თანხით დაფინანსებას ედავებიან. გამოძიების ცნობით, სარკოზიმ ამ კამპანიაზე სულ 42,8 მილიონი ევრო დახარჯა.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას ერთ წლამდე პატიმრობა და 3 750 ევროს ოდენობით ჯარიმა ემუქრება.
როგორც ფრანგული მედია იუწყება, ახალი სასამართლო პროცესი სავარაუდოდ მალევე გადაიდება, რაც „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან დაკავშირებით, საფრანგეთში შექმნილ მდგომარეობას უკავშირდება.
სარკოზის მორიგი სასამართლო პროცესი მას შემდეგ იმართება, რაც ორი კვირის წინ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავედ ცნეს კორუფციასა და გავლენის ბოროტად გამოყენებაში. მას ორი წლით პირობითი პატიმრობა და ერთი წლით შინაპატიმრობა მიუსაჯეს. სარკოზიმ ვერდიქტი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.