ნიკა მელია - ხელისუფლებამ ვეღარ გაუძლო წნეხს და დავით კირკიტაძე გაათავისუფლა 
ნიკა მელია - ხელისუფლებამ ვეღარ გაუძლო წნეხს და დავით კირკიტაძე გაათავისუფლა 

ხელისუფლებამ ვეღარ გაუძლო წნეხს, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენი მეგობრების მეშვეობით, საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით, ვახორციელებდით და მივუთითებდით, რომ კირკიტაძის საქმე არის კლასიკური შერჩევითი მართლმსაჯულება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ გურჯაანში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დავით კირკიტაძემ ახალი არაფერი უთქვამს, მსგავს განცხადებას ყველა სხდომაზე აკეთებდა.

„ჩვენ ვსაუბრობდით, რომ დათო კირკიტაძის მიერ ჩადენილი ქმედება, რომელსაც ედავება პროკურატურა და სასჯელი, რომელიც დააკისრეს, არის დისპროპორციული მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს უამრავი მაგალითები, ჯაჭვით ცემდა მოქმედი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ქვეყნის მოქმედ სპორტსმენს ტატამზე თან ქვეყნის მთავარ სპორტის სასახლეში და მას წინასწარ პატიმრობაზეც კი არ უშვებ. როდესაც უამრავი სხვა მოძალადე და დამნაშავეები გყავს, პოლიტიკოსი, რომელიც უკანონოდ აღკვეთილ გადაადგილების საშუალების დროს ცდილობდა, გზა გაეწმინდა და შენ წინასწარ პატიმრობაში უშვებ, შესაბამისად, ეს არ არის დისპროპორციული სასჯელი. დავით კირკიტაძე გახარიას პატიმარი იყო, რადგან მშვენივრად იცოდა გახარიამ და ივანიშვილმა დათო კირკიტაძის ფასი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

დავით კირკიტაძე სასამართლოს დარბაზიდან დღეს გათავისუფლდა. დავით კირკიტაძემ დღევანდელ სხდომაზე ბრალი აღიარა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.