დავით კირკიტაძე - ჩემთვის პოლიციელის პატივი და ღირსება მნიშვნელოვანია, ამიტომ მინდა, ყველას ბოდიში მოვუხადო [ვიდეო]

ჩემთვის პოლიციელის პატივი და ღირსება მნიშვნელოვანია, ამიტომ მინდა, ყველას ბოდიში მოვუხადო, – ამის შესახებ გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პატიმრობაში მყოფმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.

„საბურავის მხრიდან შევეცადე, შევსულიყავი. ერთი სარკმელი იყო მხოლოდ ღია და დავაპირე, შიგნით ავტობუსში შემეღწია, ავტობუსი რომ გადამეყვანა. ამ დროს მოხდა სწორედ ის ფაქტი, რაც საზოგადოებამაც იხილა“, – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

კითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენა, დავით კირკიტაძემ განაცხადა: „დიახ, ჩემი მიზანი არ ყოფილა ეს, თუმცა ფაქტი ეს არის“.

კითხვაზე, როგორია მისი დამოკიდებულება დანაშაულთან მიმართებაში, ინანიებს თუ არა ქმედებას, კირკიტაძემ განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია პოლიციელის პატივი და ღირსება.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიციის პატივი და ღირსება. ნამდვილად პატივს ვცემ, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ იმ ადამიანს, ვინც საჭესთან იჯდა იმ დღეს, არამედ ყველას, ადამიანურად, გულწრფელად მინდა ბოდიში მოვუხადო, რადგან პოლიციის ღირსება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ამასთან, დაცვისა და ბრალდების მხარეები შეთანხმდნენ საპროცესო გარიგებაზე და არ არის გამორიცხული, მოსამართლემ დავით კირკიტაძის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.